ახალი წლის დღეებში და შემდეგ, ათი დღის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთს 15 ათასამდე ვიზიტორი ეწვია.
ზამთრის სეზონზე აფხაზეთში ჩასულ ტურისტთათვის ყველაზე მეტად საინტერესო ადგილებს შორის არის ახალი ათონის მღვიმე, სვიმონ კანანელის სახელობის ახალი ათონის მამათა მონასტერი და იოანე ოქროპირის სახელობის კამანის ეკლესია.
ოკუპირებულ აფხაზეთში დღეისთვის არსებული სასტუმროებისა და სანატორიუმის რიცხვი 90-ს აჭარბებს.
მათგან ოცამდე სასტუმრო და მინი-ოტელი ზამთრის პერიოდშიც განაგრძობს მუშაობას.
როგორც ოკუპირებული აფხაზეთის კურორტისა და ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ასტამურ ახბა აცხადებს, ტურისტთა ნაწილი სწორედ სასტუმროებში განთავსდა, უმეტესობამ კი გაჩერება კერძო სექტორში არჩია.