,,ნაცმოძრაობის" დეპუტატი გიორგი გაბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მოუწოდებს მოაწყოს შეხვედრა დეპუტატებთან, სადაც საყდრისთან დაკავშირებით რეალურად კომისიის შექმნასა და მუშაობის დაწყებაზე იმსჯელებენ.
,,მოგეხსენებათ, წინა სასესიო წელი დასრულდა იმით რომ საქართველოს პარლამენტს ეყო გამბედაობა და საღი აზრი იმისთვის, რომ გადაეწყვიტა საყდრისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა. ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან კარგია და მადლობა კიდევ ერთხელ ყველა კოლეგას როგორც უმრავლესობიდან ასევე ოპოზიციური პარტიებიდან და ასევე დამოუკიდებელ დეპუტატებს.გადაწყვეტილება მიღებულია და ახლა დარჩენილია ერთი რამ, რომ ეს კომისია პრაქტიკულად შეიქმნას, ჩამოყალიბდეს შემადგენლობა და კომისია შეუდგეს მუშაობას. ჩვენ ვიცით, რომ ამ ეტაპზე შეიძლება იყოს სირთულეები და ამიტომ მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს, მოაწყოს შეხვედრა სადაც შევიკრიბებით უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები და ვიმსჯელებთ პრაქტიკულად კომისიის შექმნასა და მუშაობის დაწყებაზე. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ამ გადაწყვეტილების შეცვლა და ტორპედირება, იმ გზით რომ კომისია საერთოდ არ ჩამოყალიბდეს, იქნება ძალიან დიდი უხერხულობა და სირცხვილი პარლამენტისთვის. იმისთვის, რომ ეს ძალიან არასასურველი განვითარება ავიცილოთ თავიდან მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს ძალიან მალე მოახერხოს შეხვედრის ორგანიზება, სადაც პრაქტიკულად ჩამოვყალიბდებით კომისიის შემადგენლობის და თავმჯდომარის შესახებ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვართ მოქნილები, ამოჩემებული იდეები არ გვაქვს და შეხვედრის ორგანიზებასაც არაფერი უდგას წინ, რომ კომისიამ პრაქტიკულად მუშაობა დაიწყოს. შესაბამისად გვინდა ახლავე მოვუწოდოთ პარლამენტის თავმჯდომარეს შედგეს ასეთი შეხვედრა", _განაცხადა გაბაშვილმა.