საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს ესტუმრა. ქართველი სამხედროების მოსანახულებლად ბაზა „მარმალზე" იმყოფებოდა ასევე, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ბესო ხატიაშვილი.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სამუშაო პირობებს გაეცნო და ასეულის მეთაურისგან ქვედანაყოფის საქმიანობის შესახებ ბრიფინგი მოისმინა. გენერალური შტაბის უფროსი ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსაც შეხვდა და საერთაშორისო მისიის წარმატებით შესრულება უსურვა.
ავღანეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბაზა „მარმალზე" ჩრდილოეთის სარდლობის მეთაურს, ბრიგადის გენერალ ჰერალდ განტესაც შეხვდა.
IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული მაზარ-ი-შარიფში გერმანულ სამხედრო ბაზა "მარმალზე" სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებს და საპატრულო რაიონს აკონტროლებს. გაძლიერებული ასეული პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც "მტკიცე მხარდაჭერის" ოპერაციას მაზარ-ი-შარიფში გერმანულ ბაზაზე შეასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები