სომხეთის დედაქალაქის მახლობლად ბოლო წლების განმავლობაში ,,კანონიერი ქურდების" ყველაზე გაფართოებული შეკრება ე. წ. ,,სხოდკა" შედგა.
შეკრების ადგილად თავიდან მოსკოვი სახელდებოდა, მაგრამ ვინაიდან რუსეთის ფედერაციაში მათზე აღძრული საქმეების გამო, ზოგიერთი პერსონა იქ ჩასვლას ვერ ახერხებდა, იძულებული გახდნენ სხვა გამოსავალი მოეძებნათ.
,,კანონიერ ქურდებს" მშველელად კრიმინალურ წრეებში ავტორიტეტული არტიომ არუთინიანი, ,,კანონიერი ქურდის" არმენ არუთინიანის (იგივე ,,არმენ კანევსკი," რომელიც 2010 წელს გარდაიცვალა) ძმა მოევლინათ.
მან, თავისი კავშირების გამოყენებით, ერევნის მახლობლად მდებარე კურორტ კოტაიკში ,,ქურდების" უსაფრთხო ჩასვლა უზრუნველყო და ოფიციალური პირებისგან იმის გარანტიაც მიიღო, რომ არც ერთი მათგანი სომხეთის პოლიციაში არ მოხვდებოდა.
,,ქურდულ შეკრებას" ესწრებოდნენ რობინზონ არაბული (რობინზონი), გიორგი უგულავა (ტახი), დავით სებისკვერაძე (დათო), ვაჟა ბიგალიშვილი (ვაჟა), ამირან სოფრომაძე (სოპოტია), ბორის აფაქია (აპაკელა), ზაქარია კალაშოვი (შაქრო მალადოი), ჰუსეინ ახმადოვი (სლეპოი), ოლეგ შიშკანოვი (შიშკან) და სხვები.
ისტორიულ ,,სხოდკაზე" სულ 100 კრიმინალური ავტორიტეტი შეიკრიბა.
მათ შორის განხილვის უმთავრესი თემა ბადრი კოღუაშვილის საკითხი იყო, რომელიც ამჟამად ნარკოტიკების შენახვის მუხლით იხდის საჯელს.
ცოტა ხნის წინ, ,,ქურდებმა" ზოგიერთი ,,ავტორიტეტის" მიერ ბადრისთვის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ შეტყობინება მიიღეს და სწორედ ამ თემის გარშემო რამდენიმე ,,თანამოძმისთვის" კითხვების დასმა სურდათ, მაგრამ ისინი ერევანში არ ჩავიდნენ.
კალაშოვის მეთაურობით, ,,ქურდებმა" ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ბადრი კოღუაშვილი მათ შემადგენლობაში რჩება, ხოლო ,,შეთქმულებს:" გელა ქარდავას, როლანდ გეგეჭკორს (როლანდ შლიაპა) და მერაბ მზარელუას (დუიაქე) პასუხს ცალკე მოსთხოვენ.
შეკრებაზე ,,იმსჯელეს" ასევე ,,ქურდების," გიორგი უგულავასა და როვშან ჯანიევისთვის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე. მსჯელობის შედეგად, უგლავას იგივე, ,,ტახოს" სახელი შეუნარჩუნდა, ჯანიევი კი ,,ქურდების" რიგებიდან გარიცხეს.
იგივე განაჩენი გამოუტანეს ჯემალ მიქელაძეს (ჯემო), რომელიც ნარკოტიკებისა და იარაღის შენახვისთვის იხდის სასჯელს.
,,სხადნიაკის" გადაწყვეტილებით, ამიერიდან ჯემო ,,ქურდად" აღარ ითვლება.
ამას გარდა, ,,სამმიტზე" ისაუბრეს ასლან უსოიანის (დედა ჰასანი) კლანსა და ტარიელ ონიანის და მერაბ ჯანგველაძის დაპირისპირებაზეც.
კრიმინალების აზრით, ,,დედ ჰასანი" და ,,იაპონჩიკი" სწორედ მათ შორის გაჩაღებული ომის მსხვერპლი გახდნენ.
შეკრებილებმა მოილაპარაკეს, რომ ვიდრე ზუსტი მტკიცებულებები არ ექნებათ, მანამდე, ტაროსა და მერაბისთვის ბრალის წაყენებისგან თავს შეიკავებენ და მათ დაუსწრებლად სტატუსს არ ჩამოართმევენ.
შეგახსენებთ, რომ ონიანი ამჟამად რუსეთის სასჯელაღსრულების ერთ-ერთ სისტემაში, ხოლო ჯანგველაძე იტალიის ციხეში იხდიან სასჯელს.
,,კანონიერი ქურდები" 2008 წლიდან მათ რიცხვებში ახალი სახეების შემატების საკითხსაც შეეხნენ და აღნიშნეს, რომ ამ წლიდან დღემდე ,,ხელდასმული" 250-მდე ქურდის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამიტომ, ამიერიდან ისინი ქურდები კი არა, ,,მომავლები" არიან, რომელთა მოღვაწეობასაც ნამდვილი ,,ავტორიტეტები" დააკვირდებიან და საბოლოო სტატუსს ისინი თავიანთი ,,დამსახურებისამებრ" მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები