2015 წლის პრიორიტეტები, ნატო-ს წლიური ეროვნული სამოქმედო გეგმა და ასოცირების კომისიის შექმნა პარლამენტში - იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომის ძირითადი თემები, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამთავრობო უწყებებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა 2014 წელი შეაჯამეს, იმსჯელეს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის ეფექტური განხორციელებისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვის მექანიზმებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ასოცირების ხელშეკრულებისა და ნატო-ს არსებითი პაკეტის ეფექტური იმპლემენტაციის მნიშვნელობას.
საბჭოს პირველივე სხდომაზე აქცენტი ორ ძირითად საკითხზე გაკეთდა - ნატო-ს ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე, რომლის წარდგენაც იანვრის ბოლოს უნდა მოხდეს და პარლამენტში ასოცირების კომისიის შექმნაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში დაგეგმილ მაღალი დონის ვიზიტებს და რეგიონალური თანამშრომლობის განვითარებას. საბჭოს პირველი სხდომა 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების შესახებ და მოახდენს საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში ჩართული ყველა სუბიექტის კოორდინაციას. საბჭოს ფუნქციაში ასევე შედის იმ თემების განსაზღვრა, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის საგარეო ასპარეზზე პოზიციონირების თვალსაზრისით.
საბჭოში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, შედიან - საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი; ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი. საბჭოს მუშაობაში ხმის უფლებით მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე წევრი.