დასავლური პროპაგანდა არასოდეს იტყვის, როგორ ახდენდა ის ქართულ-ოსური კონფლიქტის პროვოცირებას - იმ კონფლიქტის, რომელმაც ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს უმძიმესი დარტყმა მიაყენა და რომლის შემდეგაც ჩვენ ვიტანჯებოდით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
მან უპასუხა პრორუს მამუკა ფიფიას შეკითხვას, არის თუ არა მზად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "დაეხმაროს" ქართველ ახალგაზრდებს "ობიექტური ინფორმაციის მიღებაში" და რომლის მიხედვითაც "დასავლეთი ბოლო 30 წლის განმავლობაში აგრესიულად ამუშავებდა ქართველ ახალგაზრდობას".
მისი თქმით, მოხარულები არიან, რომ საქართველოსთან „სავიზო კედლები“ საბოლოოდ დაემხო და ავიამიმოსვლა აღდგა.
"ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ საბოლოოდ ეს "სავიზო კედლები" დაემხო და საჰაერო მიმოსვლაც აღდგა. ეს ორი ფაქტორი ერთობლიობაში ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, თავად ეძებონ პასუხი კითხვაზე: "როგორია და რას წარმოადგენს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები?" როგორც სახელმწიფოებს შორის, ისე საზოგადოებებს შორის.
იცით, ამბობენ, რომ სიმართლე ფასდაუდებელია. ამაში არ გეკამათებით - ის მართლაც ფასდაუდებელია. მაგრამ სიმართლის ეს კონკრეტული ნაწილი, ეს ფრაგმენტი, შეიძლება შეფასდეს კიდეც. იცით, რა ღირს? მხოლოდ იმდენი, რამდენიც საქართველოდან რუსეთში ბილეთი ღირს. ჩამოდით და თავად ნახეთ. დაელაპარაკეთ ჩვენს მოქალაქეებს. მოიარეთ ჩვენი თეატრები, მუზეუმები და, სხვათა შორის, რესტორნებიც. შეგიძლიათ შეადაროთ კიდეც: სად არის ქართული სამზარეულო უფრო გემრიელი - მოსკოვში თუ თბილისში.
გაიგეთ, რა მდგომარეობაშია ძეგლები, რომლებიც საქართველოს ისტორიას ან ჩვენს საერთო ისტორიას უკავშირდება. მოიარეთ ჩვენი წინაპრების საერთო სამხედრო დიდების ადგილები, ნახეთ, როგორ ინახავენ ძეგლებს, რომლებზეც ქართული გვარები და სახელებია ამოტვიფრული.
დაელაპარაკეთ ყველას - ახალგაზრდებს, უფროსი თაობის წარმომადგენლებს. შედით ბიბლიოთეკებში, ნახეთ, რამდენად ფართოდ არის წარმოდგენილი ლიტერატურა, როგორ ვამაყობთ იმ პერიოდებით, როდესაც ასეთი ერთობა გვქონდა.
შედით სკოლებში. ნახეთ, გადაფურცლეთ ისტორიის სახელმძღვანელოები. ნახეთ, რა პატივისცემით ისწავლება ჩვენს ქვეყანაში ის ნაწილი, რომელიც კვლავ საქართველოს ისტორიასა და ჩვენს საერთო ისტორიას უკავშირდება.
სულ ეს არის. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა თავად შეგიძლიათ. რატომ გჭირდებათ პოლიტიკური განცხადებები და ასე შემდეგ? ასეთი განცხადებები ისედაც საკმარისზე მეტი გაკეთებულა.
თქვენ სწორად ამბობთ: დასავლური პროპაგანდა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ყველაფრის არ სჯეროდეთ. დასავლური პროპაგანდა არასოდეს იტყვის, როგორ ახდენდა ის ქართულ-ოსური კონფლიქტის პროვოცირებას - იმ კონფლიქტის, რომელმაც ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს უმძიმესი დარტყმა მიაყენა და რომლის შემდეგაც ჩვენ ვიტანჯებოდით.
საქართველოშიც იტანჯებოდნენ ადამიანები და რუსეთშიც - და როგორ იტანჯებოდნენ. ახლა სხვა ადამიანების ტანჯვაზე არ ვისაუბრებ. ამჟამად ორმხრივ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ.
დასავლური პროპაგანდა ხომ არასოდეს მოგიყვებათ, როგორ "აქეზებდნენ" დასავლური გრანტებით დაფინანსებულ პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოში ქართულ პოლიტიკას კი არა, დასავლურ პოლიტიკას ატარებდნენ, როგორ "აქეზებდნენ" მათ რუსოფობიური მოტივების გამოყენებისკენ", - განაცხადა ზახაროვამ.