ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმის მერმა ადგურ ხარაზიამ ორი თვეა, რაც ადმინისტრაცია ჩაიბარა და ამ მოკლე დროში, ძირითადად ქალაქის პრობლემების გაცნობაღა მოასწრო. სოხუმის განვითარების სამომავლო გეგმებზე კი ის ადგილობრივ გამოცემებს ესაუბრა.
,,პირველ ყოვლის, სოხუმი უნდა გაიზარდოს, როგორც დედაქალაქი.
მე არ მიყვარს დაპირებების გაცემა, ამიტომ ასე ვიტყვი, ჩვენ ვიმუშავებთ... ამჟამად მშვიდობის პროსპექტის (იგივე ააიააირას პროსპექტის) გარემონტება-მოწყობაზე ვმუშაობთ." - აღნიშნა ხარაზიამ.
მისი თქმით, აფხაზეთს არა აქვს იმდენი ბიუჯეტი, რომ დედაქალაქის იერსახის სრული განახლება ახლო პერიოდში განახორციელოს, მაგრამ მას არც იმის დროს აქვს, იჯდეს და ელოდოს, როდის გამოუყოფენ თანხას.
,,აფხაზეთის განვითარების კომპლექსური გეგმის მიხედვით თუ რუსეთი ფინანსურ დახმარებას დროზე გაგვიწევს, სოხუმის აღმშენებლობის პროცესი დაჩქარდება. თუ რუსეთი ვერ დაგვეხმარება, მაშინ მე ვერ დავუშვებ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ქუჩებში წარმოქმნილ ,,ტბებში" იარონ.
საქმე იმაშია, რომ ჩვენი საქალაქო სამსახურები გაკოტრებულია, რუსეთი კი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი, მაგრამ ამაში სოხუმელები არ არიან დამნაშავე და ისინი არ უნდა დაისაჯონ.
ჩვენ ხშირად ვკარგავთ საკუთარი თავის რწმენას და ფულს რუსეთიდან ველოდებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საკუთარი პრობლემების მოგვარება ჩვენვე შეგვიძლია.
ომს გავუძელით, ბლოკადას გავუძელით და ახლანდელ პრობლემებს რატომ ვერ უნდა გავუძლოთ?" - განაცხადა სოხუმის მერმა.
მასალის გამოყენების პირობები