პლენარულმა სხდომამ 91 ხმით, ერთხმად მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „2014 წლის 15 დეკემბერს ხელმოწერილი ავღანეთში ნატოს ახალ მისიაში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" (Resolute Support Mission) საქართველოს მონაწილეობის თაობაზე წერილების გაცვლის გზით დასადები შეთანხმების" (N07-1/122, 17.12.2014) რატიფიცირების თაობაზე".
შეთანხმების მიხედვით, ნატო-ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სტატუსის თაობაზე შეთანხმების ფარგლებში ნატო და ავღანეთი თანხმდებიან ნატოს ძალების ავღანეთში ყოფნაზე 2014 წლის შემდგომ ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" და ადასტურებენ საქართველოს, როგორც ოპერაციული პარტნიორის მონაწილეობას.
აღნიშნულ მისიაში საქართველოს კონტრიბუცია განისაზღვრება ერთი ასეულითა და ერთი ბატალიონით.
შეთანხმებით საქართველო ადასტურებს თავის უცვლელ სურვილს შეიტანოს წვლილი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და წარმოადგენდეს ნატოს უშუალო პარტნიორს ამ მიზნებისთვის. რამდენიმე საკითხის განხილვისა და კენჭისყრის პროცედურის ჩატარების შემდეგ, პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.