ყირგიზეთის ეროვნული თანხმობის დროებით მთავრობის ხელმძღვანელის როზა ოტუნბაევას განცხადებით, აშშ-ს ყირგიზეთში სამხედრო ბაზის ბედი უფრო ადარდებდა, ვიდრე ამ სახელმწიფოს ხალხის მხარდაჭერა.
ამის შესახებ ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა ამერიკულ გამოცემასთან "The Washington Post " ინტერვიუს დროს განაცხადა.
"თეთრი სახლისთვის ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკთან არსებულ მანას საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აშშ-ს სამხედრო ბაზის ბედი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ამ სახელმწიფოს ხალხის მხარდაჭერა. თქვენ აქ მოხვედით, რომ დემოკრატიის აშენებაში დაგვხმარებოდით, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ სამხედრო ბაზის გამო მოხდა", - განაცხადა ოტუნბაევამ.
მისი თქმით, ყირგიზეთის არსებობის პერიოდში ყველაზე დრამატულ დროს აშშ-სგან არანაირი მხარდაჭერა არ მიუღიათ და თანაგრძნობის სიტყვები არ გაუგიათ.
"ჩვენ ძალიან მძიმე დღეები გადავიტანეთ. იმის მაგივრად, რომ დემოკრატიის აშენებაში დაგვხმარებოდით, ყირგიზეთში იხურებოდა გაზეთები, ხოცავდნენ ჟურნალისტებს. ამერიკის ხელისუფლებას კი ამასთან დაკავშირებით ყურმანბეკ ბაკიევის მთავრობასთან კითხვაც არ გასჩენია", - აღნიშნა მან და აქვე დასძინა, რომ ამ დროს რუსეთი ყირგიზეთში მიმდინარე პროცესების გამო ქვეყნის პრეზიდენტს აკრიტიკებდა.