ევროკავშირი პოლონეთის პრეზიდენტისა და დელეგაციის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და პოლონელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული.
განცხადებაში ლეხ კაჩინსკისა და მისი თანმხლები პირების დაღუპვის გამო მწუხარება ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ, ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ეჟი ბუზეკმა, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ და საერთაშორისო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა გამოთქვეს.
"პრეზიდენტ კაჩინსკისთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდი. მას დიდ პატივს ვცემდი როგორ პატრიოტს, რომელიც იმავდროულად ევროკავშირის, თავისუფლებისა და სოლიდარობის ფასეულობების ერთგული იყო", - ნათქვამია ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადებაში.
ეჟი ბუზეკმა კი, რომელიც პოლონეთის მთავრობას 1997-2001 წლებში ხელმძღვანელობდა, პოლონეთის დელეგაციის დაღუპვას ევროპისთვის "წარმოუდგენელი კატასტროფად" აფასებს.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც, ბოლო მონაცემებით, 93 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. ყველა მგზავრი დაიღუპა.
ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდა. კატინის ტრაგედიის დროს წითელმა არმიამ ათასობით პოლონელი დახვრიტა.