საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ გაერო-ს შტაბ-ბინაში შეხვედრები გამართა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ყველა ამჟამინდელ და მომავალ წევრს, უკრაინის მუდმივ წარმომადგენელს და პოლიტიკურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, იენს ტოიბერგ-ფრანცენს. გაიმართა აგრეთვე შეხვედრა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან სპარსეთის ყურის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა მუდმივ წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების თემას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. "ხელშეკრულება მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ" წარმოადგენდა.
დავით დონდუამ ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯის საპასუხოდ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში ძლიერი საერთაშორისო რეაგირების საჭიროებისა და შესაძლო მექანიზმების ამოქმედების თაობაზე.
განხილულ იქნა საქართველოს პრიორიტეტები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის ფარგლებში, მათ შორის "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მიღების საკითხი.