თანამედროვე მსოფლიოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის ანალიზს მიეძღვნა საერთაშორისო კონფერენცია, ,,გლობალური გაფრთხილება" (Global Warning) რომელიც 12 დეკემბერს იტალიის დედაქალაქ რომში გაიმართა.
კონფერენციას ოკუპირებული აფახაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბაც დაესრო და ფორუმზე სიტყვითაც გამოვიდა.
კონფერენციაზე გამომსვლელთა შორის იყვნენ პუბლიცისტი პეპე ესკობარი, ჟურნალისტი მარჩელო ფოა, ,,როს-ნეფტის" ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ ლეონტიევი და ევროპარლამენტის დეპუტატი ტატიანა ჟდანოკა.
ვიდეოხიდის საშუალებით შეკრებილებს ამერიკიდან ყოფილი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ყოფილმა მრჩეველმა პოლ კრეიგ რობერტსმა და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა სერგეი გლაზევმა მიმართეს.
მათ გარდა შეხვედრას იტალიის პარლამენტის დეპუტატები, ჟურნალისტები და პოლიტოლოგებიც ესწრებოდნენ.
კონფერენცია იტალიელი ჟურნალისტის ჯულიეტო კიეზას ორგანიზებით, იტალიის პარლამენტის ერთ-ერთ შენობაში გაიმართა.
თავის გამოსვლაში ვიაჩესლავ ჩირიკბამ ევროკავშირის ქვეყნების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ დისკრიმინაციულ პოლიტიკაზე ისაუბრა, რაც მისი აზრით, აფხაზეთის აუღიარებლობასა და მისი მოქალაქეების იზოლაციაში მოქცევით გამოიხატება.
ჩირიკბას თქმით, საქართველოს ზეწოლით ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში ე. წ. ბერლინის კედელია აღმართული.
,,მარტო მიმდინარე წელს, იტალიის მხარემ ვიზის გაცემაზე ჩვენს 16 მოქალაქეს უთხრა უარი. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდები, რომელთაც განათლების მიღება იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში სურდათ. აფხაზეთი ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის მსხვერპლი გახდა." - აღნიშნა ჩირიკბამ ევროპელების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
მასალის გამოყენების პირობები