რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის ხელშეკრულების სამუშაო პროექტს პარლამენტი და ოსი საზოგადოება მალე გაეცნობა
,,მსოფლიოში განვითარებული პოლიტიკური პროცესები იმის აუცილებლობას გვკარნახობს, რომ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის ახალ ხელშეკრულებას მოვაწეროთ ხელი." - განაცხადა ლეონიდ თიბილოვმა.
მისი თქმით, ამ დროისთვის მომავალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით უკვე არსებობს მრავალი წინადადება, რომელიც რუს კოლეგებთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს.
მოლაპარაკებები ამ საკითხზე, ძირითადად, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სამუშაო ვიზიტით, ორი დღის წინ ჩასულმა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ოლეგ გოვორუნმა აწარმოა.
,,ჩვენ უკვე შევუდექით ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობას. სამხრეთ ოსეთის მხარის ექსპერტებს რუსეთის მხარის წარმოადგენლებთან ერთად კონსულტაციების გამართვა დაევალათ. მე გამოვედი წინადადებით, რომ ხელშეკრულების ახალ პროექტში განხილული იყოს სამხრეთ ოსეთის შესვლა რუსეთის ფედერაციის ფარგლებში, როგორც პირდაპირი ფორმით, ასევე სხვა გზებითაც, რაც გზებიც დღეს მსოფლიო პრაქტიკაში არსებობს. ვფირობ, ამ საკითხზე მალე მივიღებთ სათანადო პასუხს." - აღნიშნა თიბილოვმა