მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების ადვოკატების განცხადებას დემაგოგიას უწოდებს. როგორც ჟურნალისტებთან შოთაძემ განმარტა საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რითაც დასტურდება ბრალდებულების დანაშაული.
,,საქმეში არის საკმარისი მტკიცებულებები, რითაც დასტურდება იმ პიროვნებების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რომლებიც დღესდღეობით სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემულები. შესაბამისად, ეს არის მხოლოდ დემაგოგია და სპეკულაციები. რაც შეეხება იმას, არის თუ არა ეს მტკიცებულებები საკმარისი, ამას გაარკვევს სასამართლო, რომელიც ამ საქმეზე აუცილებლად ჩატარდება და პროკურატურა ყველა მტკიცებულებას, რაც საქმეზეა მოპოვებული, აუცილებლად წარადგენს სასამართლოში", - განაცხადა შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატებმა ე.წ. კაბელების საქმის მასალების გაცნობა დაასრულეს. როგორც ადვოკატი ლევან სამუშია აცხადებს პროკურატურის მიერ მათთვის გადაცემულ დოკუმენტებში ბრალის არანაირი მტკიცებულება წარმოადგენილი არ არის.
,, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის იმისა, რომ არა თუ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა, არამედ ვინმემ რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით", _აცხადებს ადვოკატი.
უახლოეს პერიოდში ადვოკატები სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, გაასაჩივრებენ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებს, გამოძიება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ედავება.
გამოძიების ინფორმაციით, 2013 წელს, თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას, უპირატესობის „სილქნეტის" მიენიჭა. პროკურატურის განცხადებით, ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტს" უნდა გადაუხადოს ჯამში 6 720 877.42 ლარი, საიდანაც წინასწარ (ავანსად) გადარიცხულია უკვე 6 480 877.42 ლარი, სანაცვლოდ კი თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტისგან" 2015 წლის 16 იანვარს უნდა მიიღოს ქონება და მომსახურება, რომლის რეალური საბაზრო ღირებულება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეადგენს მხოლოდ 2 618 004.82 ლარს.