ოკუპირებულ აფხაზეთში ტყვარჩელის საარჩევნო უბანზე კვირას განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
დეპუტატის პოსტზე ოთხი კანდიდატი იყრიდა კენჭს: კომპანია ,,ტკუარჩალუგოლის" გენერალური დირექტორი, თურქეთიდან ჩამოსული რეპატრიანტი ტაიფუნ არძინბა; გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის კომიტეტის თანამშრომელი მარატ კვიწინია და ბიზნესმენები ბესლან ემრუხბა და გიორგი ხარჩილავა.
წინასწარი მონაცემებით, გამარჯვებისთვის საჭირო ხმათა უმრავლესობა ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოაგროვა. დათვლილი ხმების მიხედვით, მეორე ტურში ერთმანეთს ტაიფუნ არძინბა და ბესლან ემრუხბა დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტში ტყვარჩელის ოლქიდან დეპუტატის ადგილი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ამ რაიონის დეპუტატი რაულ ხაჯიმბა საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაება.
21 დეკემბერს ოკუპირებული აფხაზეთის განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები კიდევ ორ ოლქში, გაგრასა და დრანდაში გაიმართება.
დრანდის ოლქში სამი კანდიდატი ებრძვის ერთმანეთს, მათ შორის ერთ-ერთი სერგეი შამბაა, გაგრის ოლქში კი ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთი ამავე რაიონის ადმინსტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგორი ენნიკი გახლავთ.