რაულ ხაჯიმბა გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის სწავლების წინააღმდეგი არ არის, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აფხაზური სახელმძღვანელოების საშუალებით მოხდება. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა გაეროს მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრას, თავად რაულ ხაჯიმბა, გაეროს მუდმივი კოორდინატორი და საქართველოში გაეროს პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ნილს სკოტი, სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი სიმონე ვოლკენი და იუნისეფის რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელი ალექსანდრ გრაუმანი ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანი აფხაზეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის შედეგების შეჯამება და მედიცინის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების განხილვა იყო.
გაეროს წარმომადგნელბემა ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში მცხოვრები ქართველების პრობლემებზე, მათ შორის, სკოლებში ქართული ენის სწავლების საკითხზე ისაუბრეს.
,,ჩვენ გალის რაიონის მოსახლეობისთვის სკოლებში ქართული ენის სწავლების საკითხს არ ვეწინააღმდეგებით. მაგრამ ერთი პირობით, სახელმძღვანელოები და ყველა თვალსაჩინოება თუ ნივთი, რაც ამისთვის საჭიროა, აფხაზეთის განათლების სამინისტროს მიერ უნდა იყოს დამტკიცებული და გამოცემული." - აღნიშნა რაულ ხაჯიმბამ.