ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის, პაატა კალანდაძის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, ბიშკეკში არეულობის დროს დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
"საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ყაზახეთშია განლაგებული და იგი ყირგიზეთსაც ფარავს, აქედან გამომდინარე ე. წ. დიპლომატიურ ქალაქში ჩვენი შენობები არ არის. ამასთან, ამ დრომდე დაშავებულებსა და დაღუპულებში საქართველოს მოქალაქეები არ არიან", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიშკეკში ახალგაზრდებმა ე. წ. დიპლომატიური ქალაქის ნგრევა და ძარცვა დაიწყეს, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციების შენობები, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელების რეზიდენციები, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრ დარიან უსენოვის სახლი განთავსებული. ყირგიზეთის დედაქალაქში შიდა არეულობის შედეგად 75 კაცი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა.