სამგორის გამგეობაში ფინანსური რევიზია მუშობს. კომისია თბილისობის დღესასწაულისთვის გაწეული ხარჯების კანონიერებას შეისწავლის.
საქმე რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხება, რომლის მიხედვით, გამგეობამ ღონისძიების გამართვის უფლება ახლად შექმნილ კომპანიას ტენდერის გარეშე გადასცა, კომპანია კი გამგებლის ცოლის ბიზნესპარტნიორს ეკუთვნის.
აღნიშნული მოთხოვნით კომისიას თავად სამგორის რაიონის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა მიმართა.
მისი განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია მოითხოვს, საქმე პროკურატურამ გამოიძიოს და გამოძიების დასრულებამდე გამგებელს უფლებამოსილება შეუჩერდეს.