"თუ ყირგიზეთში განვითარებული მოვლენები საქართველოს ხელისუფლებისთვის "გაკვეთილი" არ გახდება, არ არის გამორიცხული, ჩვენს ქვეყანაშიც აჯანყების იგივე სცენარი ვიხილოთ", _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განუცხადა.
"ყირგიზეთში განვითარებული მოვლენები საქართველოს ხელისუფლებისა და ფართო საზოგადოების, მთლიანად პოლიტიკური ელიტისთვის მაგალითი უნდა იყოს. თუ ჩვენ მიერ ეს გაკვეთილი ათვისებული და გათავისებული არ იქნა, შეიძლება ანალოგიური რამ საქართველოშიც მოხდეს. დღეს უმრავლების წარმომადგენლები, მათ შორის პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი გამოვიდა და პირდაპირ თქვა, რომ ბაკიევი დამარცხდა იმიტომ, რომ ოპიზიციასთან დიალოგი არ მოინდომა. ზუსტად ოპოზიციასთან დიალოგია საჭირო, ასევე ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა ჩამოყალიბდეს (რომელსაც ჩვენგან დასავლეთი და ნატო ასე ითხოვს) იმისთვის, რომ შედეგად აჯანყება არ მივიღოთ", - განუცხადა არეშიძემ "ჯი-ეიჩ-ენს". მისი განმარტებით, "ოპოზიციასთან დიალოგი რეალური უნდა იყოს და არა ისეთი ეფემერული, როგორც საქართველოს ხელისუფლებას სჩვევია".
ექსპერტი აქცენტს იმაზედაც აკეთებს, რომ საქართველოსა და ყირგიზეთის ბოლო პერიოდის ისტორიაში მოვლენები ერთნაირად განვითარდა.
"ყირგიზეთში ორჯერ მოხდა ერთი და იმავე ტიპის რევოლუცია, რასაც ხალხი შეეწირა - 2005 და 2010 წლებში. სხვათა შორის, როზა ოტუნბაევა, რომელიც ახლა ყირგიზეთის დროებით მთავრობას უდგას სათავეში და მის გვერდით მყოფი ოპოზიციონერები იმ გუნდის განაკვეთები არიან, რომლებმაც თავის დროზე "ტიტების რევოლუცია" მოახდინეს. ბაკიევი და ოტუნბაევა 2005 წლის რევოლუციას ერთად ახდენდნენ და ის სცენარი ძალიან ჰგავს საქართველოში ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიას - ყირგიზეთის ხელისუფლებაში მოსული გუნდიდან ერთი ნაწილი ოპოზიციაში გადავიდა ისევე, როგორც ეს "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ჩვენთან მოხდა, მეორე ნაწილი კი დარჩა ხელისუფლებაში და წლების შემდეგ, ახლა დამარცხდა. არ მინდა ჩვენს ქვეყანაშიც იგივე მოხდეს. ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გავეშებული ხალხის მასის დაკავება ძალიან ძნელია და როცა ეს ხდება, მას აღარც ცეცხლსასროლი იარაღი შველის და აღარც არმია", - განმარტა არეშიძემ.