ყირგიზეთში განვითარებულ მოვლენებში რუსულ სცენარიც ჩანს და ამერიკულიც, აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტი მამუკა არეშიძე.
როგორც არეშიძემ აღნიშნული საკითხის კომენტირებისას "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ბაკიევის ხელისუფლება ორივე გარე ძალამ - ვაშინგტონმა და მოსკოვმაც გაწირა.
"მიუხედავად იმისა, რომ თითქმის სრული ინფორმაცია მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ახლა ყირგიზეთში, იმის თქმა, რომ მაინცდამაინც რუსეთია ამ მოვლენებში ჩარეული, ან მაინცდამაინც შეერთებული შტატები, რთული სათქმელია. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ რუსეთიც არის ჩარეული და დასავლეთიც და დაგისაბუთებთ რატომაც - საქმე ისაა, რომ ყირგიზეთის დროებითი ეროვნული თანხმობის მთავრობის ხელმძღვანელი როზა ოტუნბაევა, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში ძალიან მაღალ თანამდებობებზე - რაიკომის მდივნად და ა.შ მუშაობდა არ შეიძლება ასე პირდაპირ რუსეთის ადამიანად ჩაითვალოს, რადგან რუსეთში დიპლომატიური აკადემიის დამთავრების შემდეგ, ის გაეროსა და სხვადასხვა სტრუქტურებში მუშაობდა. სხვათაშორის, პუტინის პრეზიდენტობის დროს, საქართველოში გაეროს ხელმძღვანელის წარმომადგენლის მდივნის მოადგილის ფუნქციასაც ასრულებდა, ხოლო შემდეგ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ამასთან, ოტუნბაევას დასავლეთში ბევრი კონტაქტი აქვს და ის ყოველთვის მოაზრებოდა, როგორც დასავლური კურსის მხარდამჭერი. გარდა ამისა, ყირგიზეთში განვითარებულ მოვლენებში პირდაპირ რუსეთის ხელი რომ არ ურევია, ამას მოწმობს თუნდაც ის, რომ ოტუნბაევამ ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელის რანგში გაკეთებულ პირველ განცხადებაში აღნიშნა, რომ ყირგიზეთიდან ამერიკული სამხედრო ბაზის გაყვანის საკითხს არ განიხილავს", - განუცხადა არეშიძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
აღნიშნულ კონტექსტში, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ყირგიზეთთან დაკავშირებით რუსეთ-ამერიკას შორის გარკვეული შეთანხმება შედგა, რასაც როგორც რუსეთის, ისე შეერთებული შტატების ადმინისტრაციების მიერ დღეს გაკეთებული განცხადებებიც ადასტურებს, სადაც "არსად ჩანდა ყირგიზეთის პრეზიდენტ ბაკიევის მიმართ არც ობამას და არც მედვედევის მხარდაჭერა".
"ორივე ქვეყნის ადმინისტრაციების განცხადებაში ნათქვამი იყო მხოლოდ ის, რომ ისინი მხარს უჭერენ ყირგიზეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ყირგიზი ხალხის ნებას. აქედან გამომდინარე, ისეთი შთაბეჭდილება უფრო მექმნება, რომ ბაკიევის ხელისუფლებამ თავისი ორმაგი თამაშით თავი მოაბეზრა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას და საერთოდ დასავლეთს, ისე რუსეთს და ამდენად, ის ორივე მხარემ გაწირა", - განმარტა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში არეშიძემ.
ექსპერტის განმარტებითვე, ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენები ბაკიევის არასწორი მმართველობის მეთოდმა, უაღრესმა კორუმპირებულობამ, ორმაგმა თამაშმა (ამერიკული ბაზების ხან გაყვანის, ხან დატოვების შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა), რუსეთთან უპირობო ქმედებმა და დასავლეთთან პირის მოშლამ განაპირობა.