,,რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც არასდროს არავის დასხმია თავს, რომელიც ყოველთვის დახმარების ხელს უწვდის მათ, ვინც დახმარებისთვის მიმართავს, ვისაც თავს ესხმიან და განადგურებით ემუქრებიან.
სხვები ვერ დაიკვეხნიან იმ სათნოებით და ჰუმანურობით, როგორიც რუსეთს ახასიათებს". - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბორის ჩოჩიევმა.
ჩოჩიევი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სოჭში დადებული ხელშეკრულების მიმართ გამოთქმულ უკმაყოფილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს არანაირი საფუძველი არა აქვთ, რუსთი რამეში დაადანაშაულონ, რადგან რუსეთს სამხრეთ ოსეთისთვის და აფხაზებისთვის თავისი ნება არ მოუხვევია თავს.
,,რუსეთი რა შუაშია? რუსეთს ჩვენ თავად მივმართეთ დახმარებისთვის, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობამ სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვა.
ჯერ კიდევ 2008 წლის აგრესიის შემდეგ, როცა ჟენევის დისკუსიის ფორმატი შეიქმნა, მონაწილეებს: გაეროს, ეუთოს, ევროკავშირს და აშშ-ს შევთავაზეთ, წინა პლანზე სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების საკითხი წამოეწიათ და ვთხოვდით, საქართველოს ჩვენზე თავდაუსხმელობისა და ძალის გამოუყინებლობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი, მაგრამ ყურადღება არ მოგვაქციეს.
ჟენევის ფორმატით, აგერ, უკვე 29 შეხვედრა გაიმართა, მაგრამ უშედეგოდ". - განაცხადა ჩოჩიევმა.
მან ეჭვი გამოთქვა, რომ ზემოხსენებული საერთაშორისო ორგანიზაციები არც მომავალში აპირებენ, აიძულონ თბილისი, აფხაზეთსა და ოსეთზე ძალის გამოუყენებლობის გარანტიები გასცეს.
,,რადგან ისინი ამ წინადადებაზე არ თანხმდებიან, დიდი პოლიტიკოსობა არ უნდა მიხვედრას, რომ საქართველო ისევ ომისთვის ემზადება. ასეთ ვითარებაში კი სხვა გზა არ დაგვრჩენია, ვიდრე რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლაა." - აღნიშნავს ბორის ჩოჩიევი.
ის დარწმუნებულია, რომ მომავალში, როცა ჟენევის დისკუსიების ფორმატში გაეროს, ეუთოს, ევროკავშირის, აშშ-სა და საქართველოს წარმომადგენელთა ქმედებების ანალიზი მოხდება, ,,მათი არაპროფესიონალიზმი და არაკონსტრუქციულობა ისეთივე თვალსაჩინო გახდება ყველასთვის, როგორიც ეს დღეს სამხრეთ ოსეთისთვის არის".
,,დამნაშავეა არა რუსეთი, არამედ გაერო, ეუთო, ევროკავშირი, აშშ და საქართველო, რომლებიც სამხრეთ ოსეთზე თავდაუსხმელობის გარანტიებზე უარს ამბობენ." - მიაჩნია ჩოჩიევს.
მისი თქმით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთთან ახალი ხელშეკრულების დასადებად მზადებას მალე დაიწყებენ.
მასალის გამოყენების პირობები