პოლიტოლოგ ირაკლი სესიაშვილს ნინო ბურჯანაძის პარტიის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მიმართ შენიშვნები აქვს.
"იმისთვის, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ეფექტური იყოს და მან ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა შეძლოს, პოლიტიკური სტაბილურობაა საჭირო, ამის მიღწევა კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ხელისუფლების მხრიდან გამჭვირვალე პოლიტიკის წარმოება მოხდება და რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება საზოგადოების ყველა სფეროსა და წრის წარმომადგენელთა ინტერესები. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს ბალანსი დარღვეულია და ის კონცეფცია, რაც ქალბატონმა ნინომ წარმოგვიდგინა, მნიშვნელოვნია მხოლოდ იმ კუთხით, რომ შეგვიძლია დავიწყოთ დისკუსია, თუ როგორი უნდა იყოს ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფცია", - განუცხადა სესიაშვილმა ჟურნალისტებს კონცეფციის პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც დღეს "ქორთიარდ-მარიოტში" გაიმართა და რომელსაც ექსპერტებიც ესწრებოდნენ.
აღნიშნულის მიუხედავად, სესიაშვილის შეფასებით, "კონცეფცია რეალისტურია და ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარეობს". პოლიტოლოგი იწონებს იმას, რომ დოკუმენტში გარე საფრთხეების გარდა, საშინაო საფრთხეებზედაცაა საუბარი.
"მთავარი აქცენტი დემოკრატიულობაზე კეთდება და ესეც მისასალმებელია", - განმარტავს სესიაშვილი.
საბოლოო ჯამში, მისი განმარტებით, მთავარი ისაა, ეროვნული უსაფრთხოების როგორ კონცეფციას წარმოადგენს ხელისუფლება, რადგან ცალკეული პოლიტიკური პარტიების მიერ შემუშავებულ შესაბამის დოკუმენტებს ამ შემთხვევაში "გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს".
"საჭიროა ქვეყანას ჰქონდეს უსაფრთხოების ახალი კონცეფცია და არა ცალკეულ პარტიას", - აცხადებს პოლიტოლოგი.