ვითიბი ბანკმა, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ოთხი ახალი პროექტი დააფინანსა, მათ შორის სამი ახალი, ხოლო ერთი არსებული საწარმოა. პროექტის ფარგლებში გაცემული სესხების ჯამურმა მოცულობამ 868,750 აშშ დოლარი შეადგინა.
დაფინანსებულ ახალ საწარმოებს შორისაა სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილი ქიმიური ნივთიერებების საწარმო, დეკორატიული ფერადი ქვიშის წარმოება, ელექტრონული კომპონენტების საწარმო, ასევე დაფინანსდა არსებული დაწნული ავეჯის წარმოება.
დაწნული ავეჯის საწარმოს დაფინანსების მიზნობრიობას წარმოადგენს საწარმოს გაფართოებისთვის საჭირო დანადგარის შეძენა და საბრუნავი საშუალებები, რაც ხელს შეუწყობს როგორც წარმადობის გაზრდას, ასევე მრავალფეროვანი დაწნული ავეჯის წარმოებას. ბანკის მიერ დაფინანსდა ასევე დეკორატიული ფერადი ქვიშის წარმოება.
შემდეგი დაფინანსებული პროექტია სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილი ქიმიური ნივთიერებების ახალი საწარმო (შაბიამანი, ბორდოს ნარევი). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსგავსი ტიპის საწარმო პირველი იქნება საქართველოში. სესხის მიზნობრიობას წარმოადგენს ძირითადი საშუალებები (ქარხნის მშენებლობა და მოწყობა) და საბრუნავი საშუალებები.
მეოთხე დაფინანსებული პროექტია ელექტრონული კომპონენტების წარმოება - მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელსაც პროდუქტების საკმაოდ ფართო სპექტრის წარმოების შესაძლებლობა აქვს, დაწყებული მცირე საყოფაცხოვრებო ელექტრონული მოწყობილობებით და დამთავრებული უახლესი მაღალტექნოლოგიური საზომი და საწარმოო მოწყობილობებით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის საწარმო პირველია ამიერკავკასიის რეგიონში.
სახელმწიფო პროგრამის -„აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სესხების მაქსიმალური წლიური საპროცენტო განაკვეთი 13%-ია, საიდანაც პროექტის თანადაფინანსების პროცენტი შეადგენს წლიურ 10%-ს.
ვითიბი ბანკი აქტიურად არის ჩართული საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროების სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში", პროექტის ფარგლებში ფინანსდება როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ინდუსტრიული მიმართულებები. კრედიტის მოცულობა 150 ათასიდან - 2 მილიონ აშშ დოლარამდე შეადგენს. პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოების გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა.
მასალის გამოყენების პირობები