აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა, რომელიც დღეს სოხუმში გამართულ პარტია "ედინაია აბხაზიამ" აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატად წარადგინა, აფხაზეთის ე. წ. ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურა დაასახელა.
ბაღაფშის გადაწყვეტილებით, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას სეპარატისტული აფხაზეთის ახლანდელი ე. წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი დაიკავებს. ბაღაფშის თქმით, ანქვაბის კანდიდატურა ამ თანამდებობაზე მისთვის ყველაზე მისაღებია.
სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. ცესკოში აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატებად უკვე წარდგენილნი არიან ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ვიტალი ბგანბა, ყოფილი ე. წ. ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის ლიდერი ბესლან ბუთბა. ამჟამად მათ რიგებს უკვე ბაღაფშიც მიემატა.
აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტობა, ზემოდასახებულ კანდიდატთა გარდა, კიდევ ერთ პირს, უმუშევარ ჯამალიკ აიბას სურდა. მისი კანდიდატურა აფხაზეთის ე. წ. ცესკოში დარეგისტრირებული იყო, თუმცა დარეგისტრირების შემდეგ რამდენიმე დღეში მან გადაწყვეტილება შეცვალა და სეპარატისტულ აფხაზეთში მიმდინარე ე. წ. წინასაპრეზიდენტო არჩევნების მარათონს, როგორც თავად ამბობს, თავისი სურვილიოთ გამოეთიშა.