ოკუპირებულ აფხაზეთში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ რუსეთის მხარის მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულების პროექტის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება.
დოკუმენტის შესახებ მორიგი მსჯელობა ოპოზიციურ პარტია ,,ამცახარასა" და არასამათავრობო ორგანიზაცია ,,ქალები პოლიტიკაში" -ს მიერ გამართულ მრგვალ მაგიდაზეც იმსჯელეს.
საუბრის მიმდინარეობისას ,,ამცახარას" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ვიაჩესლავ ვარდანიამ პროექტი საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა და აფხაზეთში დღეს შექმნილ ვითარება 1992 წელს, ომის დასაწყისს შეადარა.
მისი თქმით, მთელი აფხაზი ხალხი ფეხზე დგას და ყველა ამ ერთი დოკუმენტის გამო შფოთავს. ზოგი ხმამაღალ კრიტიკას არ ერიდება, ზოგს - პირიქით, რუსეთის ხელისუფლების განაწყენება არ უნდა და დუმილს ირჩევს, თუმცა კი ყველა ერთნაირად ღელავს.
,,ვუყურებდი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და ვიძახდი, აი, რას შვება სოროსის და მერკელის ფული. მათ ფინანსები ჩადეს ამ კონფილქტში, თავად ხელს ითბობენ, ხალხი კი იღუპება. თავს ვირწმუნებდი, რომ ჩვენ მსგავსი რამისგან დაცული ვართ, რომ ფულის გამო ჩვენთან არეულობა არ იქნება და აქ არავისი ინტერესი არ გატარდება, არავისი ფული არ გაჭრის. არადა, გაჭრა ბატონებო, სურკოვის ფულმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ამ ხელშეკრულებას, სურკოვმა ჩაუყარა საფუძველი, მან მოატყუა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და უთხრა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთთან საქმე მოგვარებული იყო." - განაცხადა ვარდანიამ კვირას გამართულ შეხვედრაზე.
შეგახსენებთ, ვლადისლავ სურკოვს ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობაში ვლადიმერ პუტინის თანაშემწის პოსტი უკავია. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის თქმით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის ასეთი დოკუმენტებისა თუ ხელშეკრულებების რიცხვი 80-ს აჭარბებს, მაგრამ შესრულებით ყოველთვის მხოლოდ შეთანხმების რამდენიმე მუხლიღა სრულდებოდა, რომლებიც უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის უწყებას ეხებოდა. და ამ ყველაფერსაც მხოლოდ იმიტომ აკეთებდა რუსეთი, რომ სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო.
,,ეს ხელშეკრულება ლამაზად უნდა დავუბრუნოთ რუსეთს უკან. ეს არის სურკოვის გუნდის მიერ დამუშავებული და შემოგდებული დოკუმენტი და არ ასახავს რუსეთის პრეზიდენტის დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ.
ვლადიმერ პუტინს ვიღაცამ მოახსენა, რომ ბატი აფხაზები უკვე მზად არიან რუსეთის შემადგენლობაში შევიდნენ, მაგრამ ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს ასე არაა, ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ეს დოკუმენტი უკან, ისე, რომ იმ პირის გარდა არავინ დაზარალდეს, ვინც ეს ხელშეკრულება შეიმუშავა." - განაცხადა ვარდანიამ.
მან აღნიშნა ისიც, რომ ხაჯიმბას ასწორედ ახლა ქვს შანსი, დაამტკიცოს, რომ აფხაზეთში რუსეთი არ ნიშნავს პრეზიდენტებს და არც ათავისუფლებს, რომ ის ძლიერი მმართველია, ამის დასამტკიცებლად კი უნდა თქვას, რომ ეს ხელშეკრულება აფხაზი ხალხის ინტერესს ეწინააღმდეგება და ყოველგვარი განხილვის გარეშე უკან დაუბრუნოს რუსეთს.
,,სურკოვის ხალხმა განმარტებები გამოგვიგზავნა, აქაოდა, დოკუმენტში თქვენთვის მიუღებელი არაფერი წერია და კარგად ნახეთო.თითქოს აქ ჩვენ ბამბუკები ვისხდეთ და არ გაგვეგებოდეს, რასაც გვთავაზობენ, თითქოს, პაპუასები ეს ესაა ხიდან ჩამოვხტით და უცებ დამოუკიდებლობა მოგვინდა.
მე ჯერ ის ვერ მომინელებია, რომ ჩემი სამშობლოს ისტორიულ ნაწილში, იქ სადაც უბიხები ცხოვრობდნენ, რუსეთმა ოლიმპიადა გამართა და უნდა, კიდევ 180 ათასი ჰექტარი მიწა მიითვისოს.
საინტერესოა, რატომ უნდა ეს ტერიტორია, როცა უკრაინის ფართობისხელა ტერიტორიები გააჩნია, სადაც ადამიანის ფეხი ჯერაც არ დადგულა. რა თქმა უნდა, მას სწორედ ის 180 ათასი ჰექტარი მიწა უნდა, რომელიც ,,კრასნაია პალიანასთან" მდებარეობს.
თუ ამ ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ, აფხაზეთისთვის დაცემულ გმირთა სულებს, როგორ ვუთხრათ, რომ უგულვებელყვავით ის ყოველივე, რასაც მათ სიცოცხლე შევწირეს ან რა პირით მივიდეთ პირველი პრეზიდენტის საფლავთან? მაშინ მივაყენოთ ტრაქტორები მათ მემორიალებს და ნაცარტუტად ვაქციოთ." - ამბობს ვიაჩესლავ ვარდანია.