თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველო უკვე მზადაა ნატოს უელსის სამიტის გადაწყვეტილებების რეალიზებისათვის - თავის ტერიტორიაზე განალაგოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინფრასტრუქტურის ობიექტები. მინისტრის განმარტებით, ეს ყველაფერი მიმართულია რუსეთის საფრთხის გასანეიტრალებლად, წერს ზომხური გამოცემა „ლრაგირი".
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ირაკლი ალასანია ერევანში წინასწარ გამოუცხადებელი ვიზტით იმყოფებოდა, რომლის დროსაც თავის კოლეგას სეირან ოგანიანს შეხვდა. ეჭვგარეშეა, რომ საუბრის დროს საქართველოში ნატოს ობიექტების თაობაზეც იმსჯელეს. ასევე აშკარაა, რომ ეს საკითხი იქნა განხილული იმავე დღეებში ერევანში ჩამოსულ „ოდკბ"-ის გენერალურ მდივანს ნიკოლა ბორდიუჟასა და სეირან ოგანიანის შეხვედრის დროსაც.
საქართველოში ნატოს შემოსვლის ფაქტი კარდინალურად ცვლის სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების სისტემას. თავის მხრივ, რუსეთი შეშფოთებულია და აცხადებს, რომ ნატოს ინფრასტრუქტურა რეგიონის სტაბილურობას ხიფათს უმზადებს. აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში სომხეთისათვის მნიშვნელოვანი პროცესები შეიძლება წარიმართოს.
საქმე იმაშია, რომ საქართველოს რუსული საფრთხე სომხეთიდან ემუქრება: გავიხსენოთ, რომ თავდაცვის მინისტრად დანიშვნისთანავე ირაკლი ალასანია ერევანში ჩამოვიდა და განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია - სომხეთის ხელისუფლება არ დაუშვებს თავისი ტერიტორიის გამოყენებას საქართველოში ვითარების დესტაბილიზებისთვისო. მართლაც, ერევანი ბოლო დრომდე ასეც აკეთებდა: არც სომხეთს არ მიუცია რაიმე საბაბი და არც ჯავახკს, რომელსაც თბილისი დესტაბილიზების წყაროდ მიიჩნევს. არაა გამორიცხული, რომ ნატოს ბაზა ჯავახკში განლაგდეს, რუსეთის ყოფილი ბაზის ადგილზე, მით უმეტეს, რომ საქართველომ უკვე გამოაცხადა ყოფილი რუსული სამხედრო ობიექტის განახლება.
ამ ფონზე საინტერესოა სიტუაცია რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ირგვლივ. უკვე ორი თვეა, რაც თურქეთი და საქართველო გიუმრის სამხედრო ბაზის მომარაგებას ჰაერიდან ბლოკავენ - საჰაერო სივრცე რუსული სატვირთო თვითმფრინავებისათვის დახურულია, შესაბამისად, მომარაგება შეჩერებულია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრობლემა აღიარა და განაცხადა, რომ ცდილობს გამოსავალო იპოვოს.
რუსეთმა ან საქართველოს და თურქეთი უნდა გადაიბიროს (აიძულოს), ან საჰაერო დერეფანი აზერბაიჯანს სთოვოს. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუ როგორ გადაწვეტს ამ პრობლემას მოსკოვი. აზერბაიჯანის ვარიანტი გამორიცხული არ არის, მაგრამ საინტერესოა რას მოითხოვს ბაქო ამის სანაცვლოდ. აშკარაა, რომ თუ აზერბაიჯანი დათანხმდება, ეს თანხმობა სომხეთის ხარჯზე მოხდება
რუსეთის სამხედრო ბაზა ისედაც სომხეთის ბიუჯეტზეა: კომუნალურ ხარჯებს ერევანი იხდის, უფასოა ტერიტორიით სარგებლობა, ტვირთების ტრანსპორტირების ხარჯების კომპენსირებასაც სომხეთი ახორციელებს. აქედან გამომდინარე, თუ აზერბაიჯანი დათანხმდება რუსეთს თავისი საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება მისცეს, მაშინ ისე გამოვა, რომ სომხეთი ფულს აზერბაიჯანს გადაუხდის.
ამჟამინდელი გეოპოლიტიკური ვითარება გიუმრის სამხედრო ბაზის პრობლემატურობას აღრმავებს. ირგვლივ ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომ ბაზა უქმად არ იქნება: მხედველობაში გვაქვს თურქეთის ქურთისტანში და [სირიაში] გამწვავებული ვითარება. გიუმრის სამხედრო ბაზის ტექნიკა რომ ჟანგმა არ შეჭამოს, ის თავისი დანიშნულებით უნდა იყოს გამოყენებული. მაგრამ შედის ეს ყველაფერი სომხეთის ინტერესებში? საკითხავი აი, ეს არის.
მასალის გამოყენების პირობები