ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ 2015 წელს მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 5%-იანი ზრდა მიღწევადია, თუმცა ის მეტწილად 2014 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.
"დავეთანხმები ფინანსთა მინისტრს, საკმაოდ კონსერვატიული განაცხადია, მაგრამ აქ არის ერთი მთავარი "თუ" და ეს "თუ" მდგომარეობს იმაში, რომ 5 %-იანი ზღვარი საქართველოში ზოგადად პრობლემატური არ უნდა იყოს, მაგრამ საქართველოში სამწუხაროდ ეს მხოლოდ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე და 2015 წელს მიმდინარე პროცესებზე არ არის დამოკიდებული. ამას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ის ფაქტორი, 2014 წლის ბიუჯეტი რამდენად იქნება შესრულებული და 2014 წლის განმავლობაში მაკროეკონომიკური პარამეტრები რამდენად იქნება არეული და მეტ-ნაკლებად შესრულებული. ანუ თეორიულად, რომ ვისაუბროთ, 5 %-იანი მშპ-ს ზრდის პრობლემა არ უნდა არსებობდეს, მაგრამ ამას მაინც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს 2014 წელი", - განუცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ.
როგორც კალანდაძის პროგნოზით 2014 წელისაკმაოდ პრობლემატური იქნება.
"მე მაინც მგონია, რომ ბიუჯეტის შესრულების თვალსაზრისით გვექნება პრობლემები, მაგრამ არა საგადასახადო შემოსავლების ნაწილში. 3 კომპონენტი, სხვა შემოსავლები, კრედიტები და გრანტები იქნება პრობლემური.
ასევე პრობლემური იქნება დაფინანსების თემა მეოთხე კვარტალში. ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლებელია, რომ სებ-მა მიმოქცევაში ფულის დიდი მასა გამოუშვას, რამაც შესაძლოს დიდი დარტყმის ქვეშ დააყენოს ლარი და დევალვაციის პროცესის პროვოცირება დააყენოს, რაც საბოლოო ჯამში შესაძლოა ინფლაციური პროცესების მაპროვოცირებელი გახდეს", - აცხადებს კალანდაძე.
შგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომავალი წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კონსერვატიული მიდგომით არის დაგეგმილი და 2015 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 5.0%-ს, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 4,0%-ს შეადგენს. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 5,5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 3,5%-4,0%-ის ფარგლებში
მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე 2015 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 31,8 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2018 წლისთვის მისი პროგნოზირებულია მისი გაზრდა 41,6 მლრდ ლარამდე.
მაკროეკონომიკური პარამეტრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენს საბიუჯეტო დეფიციტის მოცულობა. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული შეთანხმების მიხედვით, 2015 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი არ უნდა იყოს მშპ-ს 3,0%-ზე მაღალი (GFSM-1986 მიხედვით) და სწორედ აღნიშნული მაჩვენებლის ფარგლებშია წარმოდგენილი 2015 წლის ბიუჯეტი. მომდევნო წლებში დაგეგმილია საბიუჯეტო დეფიციტის კლებადი ტენდენციის შენარჩუნება და მისი მოცულობა 2018 წლისთვის არ გადააჭარბებს მშპ-ს 2,0%-ს.