მსოფლიოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია.როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს ყოველწლიურად ამ დაავადებებით 17,3 მილიონი ადამიანი იღუპება. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გარდაცვლილთა 80% რეგისტრირებულია დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში. ექსპერტთა შეფასებით 2030 წლისთვის გულსისხლძარღვთა დაავადებებით გარდაცვლილთა რიცხვი 23.6 მილიონს მიაღწევს.
ქართული პოპულაციის ავადობისა და სიკვდილობის სტრუქტურაში პრიორიტეტულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ათ ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიას შორის პირველ ადგილზეა არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც მიოკარდიუმის ინფარქტისა და თავის ტვინის ინსულტის ძირითადი რისკის ფაქტორია.
საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა რისკის ფაქტორების კვლევის (STEPS 2010) შედეგების მიხედვით გამოვლინდა, რომ ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 40%-ს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამი ან მეტი რისკის ფაქტორი აღენიშნება.
საყურადღებოა არტერიული ჰიპერტენზიის დინამიკა ბავშვებში, რომლის გავრცელების მაჩვენებელი უკანასკნელ წლებში 2.5-ჯერ გაიზარდა.
გულის დაავადებებისა და ინსულტის ძირითადი რისკის ფაქტორებია: მაღალი არტერიული წნევა, სისხლში ქოლესტეროლისა და გლუკოზის მაღალი დონე, თამბაქოს მოხმარება, ხილისა და ბოსტნეულის არასაკმარისი მიღება, ჭარბი წონა, სიმსუქნე და დაბალი ფიზიკური აქტივობა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 29 სექტემბერს ყოველწლიურად ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაცია გულის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით გულის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. 2014 წელს გულის მსოფლიო დღე გულისთვის ჯანსაღი გარემოს ფორმირებას ეძღვნება, რისი მიღწევაც ადამიანებს საშუალებას მისცემს, გააკეთონ არჩევანი ჯანსაღი გულის სასარგებლოდ, იქ სადაც მათ უხდებათ ცხოვრება, მუშაობა თუ თავისუფალი დროის გატარება. გულის მსოფლიო დღე ყველა ჩვენთაგანს მოუწოდებს, შეამციროს საკუთარი რისკი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების თვალსაზრისით და ხელი შეუწყოს გულისთვის ჯანსაღი პლანეტის ფორმირებას.
მასალის გამოყენების პირობები