აზერბაიჯანელ პოლიტოლოგთა კლუბის ხელმძღვანელი ილგარ ველიზადე „ნოვოსტი-აზერბაიჯანისთვის" მიცემულ ინტერვიუში კომენტარს უკეთებს სამხრეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციას და ბუნებრივია, იგი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებსაც ეხება.
„ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ ამონარიდს
- საქართველოს კარგი ურთიერთობა აქვს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან, თუმცა მთიანი ყარაბაღის საკითხი საქართველოს არჩევანის წინასე აყენებს. როგორ შეაფასებთ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის პერსპექტივებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გათვალისწინებით?
- საქართველოს აზერბაიჯანთან უფრო კარგი ურთიერთობა აქვს, ვიდრე სომხეთთან. მართალია, საქართველო გარკვეული ბალანსის დაცვას ცდილობს, მაგრამ რეალურად თბილის-ბაქოს ერთმანეთთან დამოკიდებულება კარდინალურად განსხვავდება თბილის-ერევნის დამოკიდებულებისაგან. საქმე იმაშია, რომ საქართველოში არსებული სომხური დიასპორა, აზერბაიჯანულისაგან განსხვავებით, ხშირად ცდილობს ქვეყნის ხელისუფლებაზე პოლიტიკური გავლენა მოახდინოს. მაგალითად, სომხებით კომპაქტურად დასახლებულ ჯავახეთის რეგიონში არაერთხელ დამდგარა სომხური ენის სტატუსის შეცვლის საკითხი, თანაც აშკარად გამოხატული პოლიტიკური შეფერილობით, აზერბაიჯანულ დიასპორას კი არასოდეს მსგავსი საკითხები არ დაუყენებია. საქართველოში სომხური ეკლესიაც აქტიურობს - იცით, ალბათ, სომხური ეკლესიის ცნობილი პრეტენზიები ქართული ეკლესიისადმი ტაძრებისა და მრევლის კუთვნილებასთან დაკავშირებით. რაიმე მსგავსი პრეტენზიები აზერბაიჯანულ დიასპორას საქართველოს ხელისუფლების მიმართ არ აქვს. რაც შეეხება საგარეო ურთიერთობას, საქართველოსა და სომხეთის უთანხმოება, როგორც იტყვიან, „შეუიარაღებელი თვალითაც" კი ჩანს: სომხეთი რუსეთის მოკავშირედ ითვლება, „ოდკბ"-ის (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის) წევრია, იქ რუსეთის სამხედრო ბაზაა დისლოცირებული, საქართველო კი ნატოს პროექტების აქტიური მონაწილეა, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობაზე გავლენას ახდენს. აზერბაიჯანი „ოდკბ"-ის წევრი არაა... ასე რომ, ბაქოს-თბილისის ურთიერთობებში რაიმე სამხედრო-პოლიტიკური წინააღმდეგობა არ არსებობს. ნათელია, თუ რატომ იხრება ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი უფრო მეტად აზერბაიჯანისკენ..
- ბოლო დროს შეიმჩნევა სხვადასხვა პროვოკაციული მოქმედების მცდელობები, რომელიც აზერბაიჯან-საქართველოს კავშირების წინააღმდეგაა მიმართული. რას გვეტყოდით ამის თაობაზე?
- დიახ, ამგვარი მცდელობები მართლაც არის... გავიხსენოთ უკანასკნელი ამბები, მაგალითად, ბაქოში ფეხბურთის მატჩის დროს გამოფენილი საქართველოს რუკა აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიებით.... მეორე მაგალითი: ქობულეთში, სადაც სომხები კომპაქტურად ცხოვრობენ, მედრესეს გახსნის წინააღმდეგ პროვოკაციული ქმედება მოხდა. სამწუხაროა, რომ ორივე შემთხვევაში ეს ქართველთა მეშვეობით განხორციელდა. კარგია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაგმო მომხდარი ფაქტები და მათი გამოძიება დაიწყო, თუმცა ეს იმაზეც მიუთითებს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მტრები არ ისვენებენ და ბაქოსა და თბილისს შორის კონფლიქტის გამოწვევას ცდილობენ".
მასალის გამოყენების პირობები