იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რაჭას ესტუმრა და ამბროლაურისა და ონის ტერიტორიული სამსახურების მუშაობას ადგილზე გაეცნო. მინისტრმა როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პარმენ მარგველიძისგან, ისე პარლამენტარ გია ჯაფარიძისგან მოისმინა ის პრობლემები, რაც იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ უწყებებს აქვთ.
იუსტიციის მინისტრი პირადად შეხვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომლებს. თეა წულუკიანი ამბროლაურისა და ონის ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებსაც გაეცნო.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ამბროლაურში მოქალაქეებისთვის სერვისის მიწოდებისთვის გარემო გაცილებით დამაკმაყოფილებელია, თუმცა, ონში აღნიშნული საკითხი კრიტიკას ვერ უძლებს; ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომით მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, ონში მცირე ზომის იუსტიციის სახლი 2016 წლისთვის აშენდეს. თეა წულუკიანი, ასევე, შეეხო რაიონში ნოტარიუსის ყოფნის აუცილებლობის საკითხს.