საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი როგორღაც შეუმჩნევლად მოვიდა და წავიდა ერევნიდან, თან მისმა ვიზიტმა რაღაც არასასიამოვნო გრძნობა დატოვა. წერს სომხეთის გამოცემა „ლრაგირი".
„ჯერ ერთი, რომ არავინ იცის რაზე და როგორ მოილაპარაკეს - თანამშრომლობის შესახებ საჯარო ინფორმაცია არ გავრცელებულა. ეს ნიშნავს, რომ რაიმე მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება, სავარაუდოთ, ვერ მოხერხდა, თუ არ ჩავთვლით სადახლოში „მეგობრობის ხიდის" მშენებლობას; მეორე - უსიამოვნო შეგრძნება იმასთანაცაა დაკავშირებული, რომ სანამ ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში იმყოფებოდა, მისი მინისტრი ირაკლი ალსანია განცხადებას განცხადებაზე აკეთებდა აზერბაიჯანთან და თურქეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებისა და თითქმის ალიანსის ჩამოყალიბების შესახებ. არადა, აშკარაა, რომ ეს ალიანსი მხოლოდ სომხეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული: აბა, ბაქო და ანკარა მოსკოვის წინააღმდეგ არ წავლენ, თბილისს კი თეირანთან ურთიერთობის გაუარესება არ აწყობს. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა ციცერნაკაბარდი კი მოინახულა, მაგრამ როგორც გაზეთი „გრაპარაკი" წერს, ვიზიტის პროგრამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის მიერ წინასწარ გავრცელებულ ინფორმაციაში ეს ღონისძიება ნახსენები არ არისო", - აღნიშნავს სტატიი სავტორი.
სტატიაში ავტორი ყურადღებას ამახვილებს ჯავახეთის თემაზეც.
„ამ ყველაფრის ფონზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ერევანში მხოლოდ სომხეთის ხელისუფლების გასაფრთხილებლად ჩამოვიდა. შესაძლოა, ეს დაკავშირებულია ჯავახკთან.... საინტერესოა ისიც, რომ სწორედ ამ დღეებში აფხაზეთმა ბელარუსს და ყაზახეთს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართა, რათა შემდეგ სოხუმი ევრაზიულ კავშირს შეუერთდეს. არაა გამორიცხული, რომ რუსეთი ელოდება მთიანი ყარაბაღის მსგავსი თხოვნით მიმართვას.
ვიზიტის დროს, როგორც ჩანს, სომხეთის ევრაზიულ კავშირში შესვლისა და რუსეთის მხრიდან საქართველოსადმი თავისუფლაი ვაჭრობის რეჟიმის გაუქმების საკითხიც განიხილეს. თუ ერთიც და მეორეც განხორციელდება, მაშინ სომხეთი და რუსეთი ერთმანეთთან უბაჟო ვაჭრობის შესაძლებლობას დაკარგავენ, რაც, საბოლოო ჯამში, სომხეთში ფასების ზრდას გამოიწვევს", - ნათქვამია სტატიაში.
„ამჟამად მეწყერის ჩამოწოლის გამო სომხეთ-რუსეთის დამაკავშირებელი საქართველოს სამხედრო გზაზე მოძრაობა შეწყვეტილია. ერევანს არ შეუძლია გამოეხმაუროს რუსეთის თხოვნას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დამატებით მიწოდების თაობაზე, რაც ევროპულმა სანქციებმა განაპირობა. არაა გამორიცხული, რომ გზის სარემონტო სამუშაოები დიდხანს გაგრძელდეს და სანამ დაამთავრებენ, ისევ ახალი მეწყერი ჩამოწვეს.
ერევნის მიერ საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირებაზე უარის გამო რუსეთ-სომხეთის კავშირები შესაძლოა სრულ სატრანსპორტო იზოლაციაში აღმოჩნდეს. თუ საქართველო საბაჟო ტარიფებს გაზრდის და გზას პერიოდულად დაკეტავს, მაშინ სომხეთს სატრანსპორტო ბლოკადის გარღვევა სხვა მეთოდებით მოუწევს.
აი, ამის კი საქართველოს აშკარად ეშინია. ამიტომაც მისმა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა ერევანში ჩამოსულიყო და პირადად გაცნობოდა სომხეთის გეგმებს. რას იზამს სომხეთი, როგორი განზრახვები აქვს ერევანს, რომელმაც სულ რაღაც რამდენიმე დღის წინა უარი გამოუცხადა რუსეთს სამშვიდობო ძალების შეყვანაზე? არის თუ არა ეს სომხეთის სტრატეგიული ნაბიჯი თუ ეს ყველაფერი მხოლოდ წუთიერი ტაქტიკური ნაბიჯია? განეიტრალებულია თუ არა რუსეთის მცდელობა ყარაბაღის პრობლემის „დარეგულირებაში"? აი, სწორედ ამ საკითხებში გარკვევა სურდა ირაკლი ღარიბაშვილს.
და თუ მან ეს ყველაფერი ვიზიტამდე გაარკვია (აბა, სხვანაირად ნახჭევანში შეხვედრის დროს საქართველო სომხეთის წინააღმდეგ თანამშრომლობას არ დათანხმდებოდა), მაში სომხეთისაგან გადამჭრელ მოქმედებას უნდა ველოდოთ", - წერს ავტორი.