"მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელი მოაწერა და მისი რატიფიცირება მოახდინა, რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეთანხმებას გააუქმებს. ეს ნიშნავს, რომ ასევე გაუქმდება სომხეთ-რუსეთის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიც. მაშ რატომღა უნდა შევიდეს სომხეთი ევრაზიულ კავშირში?", - წერს სოხმური გამოცემა „ ლრაგირი".
სტატიის ავრორი აღნიშნავს: აშკარაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ორდღიანი ვიზიტის დროს ევროკავშირთან და ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად იქნება განხილული. ერევანს, რასაკვირველია, ძალიან სურს უბაჟო ქართული ტრანზიტი რუსეთში, მაგრამ სულის სიღრმეში სომხეთის ხელისუფლებას უხარია, რომ საქართველო გარკვეულ ბარიერებს ქმნის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების გზაზე. მმართველ წრეებშიც კი ასეთი ინტეგრაცია ტრაგედიად და იძულებით ნაბიჯად მიიჩნევა.
„გუშინ საქართველოს სამხედრო გზაზე მორიგი მეწყერი ჩამოწვა... ასეთი მეწყერები საქართველო-რუსეთის საზღვარზე ბოლო ხანებში რაღაც გახშირდა და იდუმალი გახდა... არც სომხეთი და არც რუსეთი ამ გზის „განმტკიცებისათვის" ინტერესს არ ამჟღავნებენ, იმედი აქვთ, რომ მომავალში „იქნებ" აღარ განმეორდესო. არადა, სწორედ ასეთი ბუნებრივი მეწყერები იწვევენ „პოლიტიკურ მეწყერებს" და სომხურ-რუსული ურთიერთობის ნათელ მომავალს მარხავენ...
რა ალტერნატივა აქვს სომხეთს, ქართულის გარდა? ალბათ, მხოლოდ ირანული მიმართულება, მაგრამ რუსეთი უმალ სომხეთს მოგუდავს, ვიდრე ირანს [გაზის საექსპორტოდ] დასავლეთ ევროპისკენ გზის გახსნის ნებას მისცემს, სომხეთისა და საქართველოს გავლით. რუსეთის პოზიცია მხოლოდ სომხეთის, საქართველოსა და ირანის ერთობლივი მცდელობით შეიძლება განეიტრალდეს. ალბათ, ირაკლი ღარიბაშვილი ამ მიზნითაც ჩამოვიდა ერევანში.
სომხეთის პასუხზეა დამოკიდებული, შედგება თუ არა სექტემბრის დასაწყისში რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის ვიზიტი ერევანში და სომხეთის პრემიერის ოვიკ აბრამიანის ვიზიტი თეირანში", - ნათქვამია პუბლიკაციაში.