„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ერევანში ვიზიტის დროს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული საკითხებიც იქნება განხილული. გასაგებია, რომ ეს პრობლემა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ წარმოიქმნა - საქართველო იძულებულია ანგარიში გაუწიოს ევროკავშირის მოთხოვნებს. მართალია, ამ ორგანიზაციის წევრი თბილისი ახლო პერსპექტივაში მაინც ვერ გახდება, მაგრამ, როგორც ამბობენ ხოლმე, „პროცესი ადგილიდან დაიძრა", - წერს სომხური გამოცემა „ნოვოე ვრემია".
„ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზოვთ ამონარიდს სარედაქციო სტატიიდან:
ვერ ვიტყვით, რომ სავიზო შეზღუდვები ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მძიმეა და დაზარალდებიან - პირველი სექტემბრიდან მათ კვლავ ექნებათ შესაძლებლობა ჩვეულებრივად წავიდნენ საქართველოში ვიზების გარეშე 180 დღის განმავლობაში (ორჯერ სამ-სამი თვით), ანუ, ვთქვათ, ზაფხულში შავ ზღვაზე დასასვენებლად და ზამთარში თბილისში ნათესავების მოსანახულებ-ლად. პრობლემები არ იქნება. პრინციპში, ასეთი რეჟიმის პრაქტიკაა ევროკავშირის ქვეყნებში, რუსეთში და სხვა სახელმწიფოებში.
მაგრამ საქართველო ჩვენთვის განსაკუთრებული ქვეყანაა, რადგან იქ ძალიან ბევრი სომეხი ბიზნესმენი საქმიანობს, იქ არიან იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლობები... აი, მათ კი პრობლემები ექნებათ. ახალი წესები გავრცელდება ჩვენს სტუდენტ-ახალგაზრდებზე, რომლებიც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ. რასაკვირველია, მათი რიცხვი დიდი არაა, მაგრამ გარკვეული რაოდენობა მაინც არის. აქ მთავარი ისაა, რომ ჯავახკელი ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი ჩვენს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები არიან და როცა სომხური მხარეც იძულებული იქნება საპასუხო სავიზო შეზღუდვები დააწესოს, ჯავახკელებისათვის რთული პერიოდი დაიწყება.
პრინციპში, ყველა ეს საკითხი შეიძლება მოგვარდეს, თუ ამის სურვილი იქნება. სურვილი კი ნამდვილად არის, უფრო მეტიც: რამდენადაც საქართველო-სომხეთის საზღვარი, ალბათ, მალე გადაიქცევა ევროპის კავშირსა და ევრაზიული კავშირის საბაჟო საზღვრებად, საკითხისადმი აკურატული მიდგომით, როგორც ამას ექსპერტები ამბობენ, შეიძლება ორივე მხარემ მომგებიანად ისარგებლოს. უეჭველია, რომ ორდღიანი ვიზიტის შედეგად ყველა ეს საკითხი გადაიჭრება.
მასალის გამოყენების პირობები