აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა „ოდკბ"-ს („ორგანიზაცია დოგოვორა კოლლეკტივნოი ბეზოპასნოსტი"//კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) მსგავსად ვერ ჩამოყალიბდება და საერთოდ, ანკარის, ბაქოსა და თბილისის მცდელობა „თაგვების ფუსფუსს" უფრო ჰგავს, - განაცხადა რუსმა სამხედრო ექსპერტმა ვლადიმერ ევსეევმა, რომელმაც კომენტარი გაუკეთა თავისი აზერბაიჯანელი კოლეგის უზეირ ჯაფაროვის გამონათქვამს - „საქართველოს-აზერბაიჯანისა და თურქეთის სამხედრო თანამშრომლობა „ოდკბ"-ის ანალოგის შექმნის ეტაპზეაო" (მხედველობაშია 19 აგვისტოს ნახჭევანში აღნიშნული სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების გამართული შეხვედრის შედეგები).
ნოვისტი არმენიის მიერ გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, რაც შეეხება თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობას, აქ გასაკვირი არაფერია - ხდება იარაღის მიწოდება, კადრების მომზადება, „მაგრამ საქართველო ამ შემთხვევაში რაღაც „ძალით მითრეულს" ჰგავს. მართალი რომ გითხრათ, მე კარგად არც მესმის, რაში გამოიხატება საქართველოსა და აზერბაიჯანის სამხედრო თანამშრომლობა. შემიძლია წარმოვიდგინო რაღაც თანამშრომლობა რომელიღაც სფეროში, მაგრამ სამხედროში ნამდვილად არა", - აღნიშნა ექსპერტმა და განმარტა: „რადგან თურქეთი ნატოს წევრია და საქართველოს ალიანსში გაწევრიანება სურს, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობა გასაგებია, მაგრამ აზერბაიჯანს ნატო არ აინტერესებს... ასე რომ, რჩება თბილისი-ბაქოს ურთიერთობის მხოლოდ ერთი ბაზა - სატრანზიტო დერეფანი. ჩვენ გვახსოვს სუამ-ის ორგანიზაცია, რომელიც წარმატებით ჩაიფუშა. იგივე ბედი ელოდება აზერბაიჯან-თურქეთ-საქართველოს სამხედრო ალიანსის იდეას".
„ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ მინისტრების შეხვედრა ნახჭევანში ჩატარდა. ნახჭევანი ერაყ-ირანის ქურთისტანს ესაზღვრება და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქურთისტანის დამოუკიდებლობა თურქეთისთვის თავის ტკივილს წარმოადგენს, ან იმას, რომ ნახჭევნის ავტონომიაში საკმაოდ ბევრი ქურთი ცხოვრობს, არაა გამორიცხული, რომ ისინი ერაყის ქურთისტანთან მიერთებას მოისურვებენ. ამიტომაც ნახჭევნის მომავალიც ისეთივე პრობლემურია, როგორიც ამ სამი სახელმწიფოს სამხედრო ალიანსი, რომლის შექმნასაც ისინი ცდილობენ", - ხაზი გაუსვა ვლადიმერ ევსეევმა.
მასალის გამოყენების პირობები