აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა ორჰან გაფარლიმ კომენტარი გაუკეთა ნახჭევანში 19 აგვისტოს გამართულ აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შედეგებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია აზერბაიჯანს, თურქეთსა და საქართველოს შორის სამხედრო ალიანსის შექმნა, ორჰან გაფარლიმ აღნიშნა, რომ თურქეთს როგორც ნატოს წევრ სახელმწიფოს, სხვა სამხედრო ალიანსის შექმნისა და მასში მონაწილეობის უფლება არ აქვს. „საქართველოს კი ამ ეტაპზე სხვა ისეთი არავინ ჰყავს, ვისთანაც პირდაპირი სამხედრო თანამშრომლობა შეიძლება. თურქეთი საქართველოსთვის - ნატოში ინტეგრაციის მსურველი ქვეყნისათვის - ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია... მართალია, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს, მაგრამ ამ ეტაპზე შეუძლებელია, რომ ეს ურთიერთობა სამოკავშირეო ფორმატში გადაიზარდოს. რაც შეეხება აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობას, ის საქართველოსგან დამოუკიდებლად ვითარდება", - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
ორჰან გაფარლი შეეხო აგრეთვე თურქეთ-რუსეთის ურთიერთობის პრობლემატიკას:
„დღეს, როცა რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა უარესდება, თურქეთი არ აპირებს რუსეთთან კონტაქტების შეწყვეტას, პირიქით, ანკარა ცდილობს მაქსიმალურად ისარგებლოს შექმნილი დაძაბულობით და რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა გააღრმავოს. თუმცა, რასაკვირველია, ამისათვის აუცილებელია ურთიერთობა პოლიტიკურ სიბრტყეშიც. ოფიციალურ ანკარას ეს კარგად ესმის, ამიტომაც არ აპირებს რეგიონში სიტუაციის დაძაბვას. თუ გავითვალისწინებთ რეჯებ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის მეგობრულ ურთიერთობასაც, მივხვდებით, რატომაა შეუძლებელი სამხრეთ კავკასიაში რაიმე სამხედრო ალიანსის ჩამოყალიბება".
ორჰან გაფარლიმ ნახჭევნის შეხვედრაში საქართველოს როლზეც ისაუბრა: „როგორც ჩანს, ამ შეხვედრის ინიციატორი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იყო. იგი თურქეთს საქართველოს ახლობელ ქვეყნად მიიჩნევს და მას საკმაოდ დიდი ხანია აზერბაიჯან-თურქეთ-საქართველოს სამხედრო კავშირის შექმნის იდეა აქვს. სხვათა შორის, ამ იდეის ჩაფუშვაში ირაკლი ალასანია აზერბაიჯანის თავდაცვის ყოფილ მინისტრს საფარ აბიევს ადანაშაულებდა. როგორც ჩანს, დღეს სამხედრო კავშირის იდეა აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ დადებითადაა შეფასებული", - განაცხადა ორჰან გაფარლიმ.
მასალის გამოყენების პირობები