პრეზიდენტის მხრიდან კანონზე აპელირება და ხელისუფლების შტოებში გადანაწილებაზე საუბარი უადგილოა - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას.
მისი თქმით, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს მედიამ დაუსვა შეკითხვა, თუ რატომ დასჭირდა ერთი თვე აღნიშნულ დოკუმენტაციაზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნას და რატომ გართულდა ეს პროცესი.
"პრემიერმა ჟურნალისტები შეკითხვის ადრესატთან გადაამისამართა. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებას აღნიშნული შეკითხვა სრულიად ლოგიკურად გაუჩნდა. ასევე, ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ამას აკვირდებიან როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. ჩვენი ხელისუფლება რადიკალურად განსხვავდება წინა ხელისუფლებისგან, და სწორედ ამიტომ, ვთვლით, რომ ხელისუფლების ყველა წევრი ვალდებულია პასუხი გასცეს ნებისმიერ ლეგიტიმურ შეკითხვას. პრეზიდენტის დღევანდელი კომენტარიდან გამომდინარე კი, კითხვები ისევ უპასუხოდ დარჩა,"-აღნიშნა ნინო კობახიძემ.
მისივე ინფორმაციით, პროკურატურამ პრეზიდენტს ორჯერ მიმართეს, შედგა შეხვედრაც. "პრეზიდენტი არ მიიჩნევდა მართებულად გრიფის მოხსნას. მით უმეტეს, რომ გაგზავნილი იყო წერილი და დასკვნა, რომლის მიხედვითაც, თავის დროზე, გრიფის მინიჭება მოხდა უკანონოდ. ვფიქრობთ, პრეზიდენტის მხრიდან კანონზე აპელირება და ხელისუფლების შტოებში გადანაწილებაზე საუბარი უადგილოა,"-განაცხადა ნინო კობახიძემ.