„გვიწევს იმ ისტორიული ფაქტის კონსტატაცია, რომ რუსეთი მეოცე საუკუნის 90-იან წლებში თავისი განვითარების ევროპულ პერიოდში შევიდა, მაგრამ მასში ადგილი მტკიცედ ვერ დაიკვიდრა, განახლების პროცესში მყოფმა ქვეყანამ თავისი „აზიატობა" ვერანაირად ვერ დასძლია, - ნათქვამია სომხურ გამოცემა „ლარაგირში" გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, რომლის ავტორია ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგი ლიუდმილა არუთინიანი.
„ამასთან, დასავლეთსაც არ მიუცია შანსი რუსეთისათვის, რომ ის ნორმალურ ეროვნულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებულიყო. ახლა დასავლეთი თავისი მოქმედების შედეგის წინაშე დგება: სახეზეა გაბრაზებული, დაბოღმილი ავტორიტარული რუსეთი, რომელიც კონსოლიდირებულია რუსული ნაციონალიზმის დროშის ქვეშ და თავის თავს მსხვერპლად მიიჩნევს უკრაინის მოვლენების კონტექსტში. მაგრამ უკრაინის მოვლენებმა განახლების ეპოქის ყველა ნაყოფი არამარტო რუსეთში მოსპო, არამედ თითქმის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც. ის სიძულვილი და მრისხანება, რომლითაც უკრაინელები საკუთარ სახელმწიფოებრიობას იცავენ, ძირს უთხრის და ანადგურებს იმავე უკრაინულ სახელმწიფოებრიობას, დემოკრატიისა და უკრაინელთა გაევროპულების ყლორტებს, რადგან რუსეთისადმი მტრობა უკრაინისთვის თვითგანადგურების იარაღია. ამ იარაღის ოპერირებით უკრაინის ხელისუფლებას საკუთარი ქვეყანა ისეთ ტემპერატურამდე მიჰყავს, რომლითაც წყდება რეგიონული კავშირები, იზრდება ერთაშორისი სიძულვილი და წყენა. ევროპელთა სოლიდარობა კიევისადმი სწრაფად ქრება. ევროპელებს უკვე თავი სტკივათ და იღლებიან უკრაინის პრობლემის მოგვარებით. ქრება იმის ილუზიებიც, რომ რუსეთს უკრაინით დაამარცხებენ.
რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, აქ ცნობილი სურათია:
სომხები გატრუნულნი არიან და დისკუსიებს არ აწყობენ უკრაინულ-რუსული კონფლიქტის ისტორიულ დანიშნულებაზე, პოსტსაბჭოთა სივრცის საბოლოო გადანაწილების თვალსაზრისით. სომხურ ცნობიერებაში არასდროს არაა აქცენტი გადატანილი ეპოქათა ცვლაზე და მის მნიშვნელობაზე, ჩვენ უფრო ეროვნული განთავისუფლების იდეაზე ვართ კონცენტრირებული. ამასთან, სამწუხაროა, რომ თანამედროვე სომხური ელიტა დღეს მხოლოდ საკუთარი სიმდიდრისა და საკუთარი კლანის კეთილდღეობის განმტკიცებითაა დაკავებული, ის გვიანი შუა საუკუნებიის ეტაპზე გაიყინა...
აზერბაიჯანელებიც იგივე ისტორიულ ეპოქაში ცხოვრობენ: ისინიც მდიდრდებიან, იარაღდებიან და ბომბავენ, მაგრამ ბომბავენ საკუთარ მომავალს, რადგან ისტორიულ ეპოქალურ მოვლენებს ყურადღებას არ აქცევენ და [დასკვნები არ გამოაქვთ].
ქართველები ერთგულნი არიან ოცნებისა, რომლის ფასი ტერიტორიითა და ზღვაზე გასასვლელის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვით გადაიხადეს. ისინი თითქოსდა აგრძელებენ ევროპული ერად გარდაქმნის პროცესს, მაგრამ სრულიად ივიწყებენ იმას, რომ ევროპულობა - ეს განსაზღვრული ფასეულობებისა და ინსტიტუტების სისტემაა და არა იმ ლამაზ-ლამაზი სადღეგრძელოების კონგლომერატი, რომლებიც წარმოითქმებიან „იმპერიული საწამლავის" ატომოსფეროსა და საკუთარი მოქალაქეების - ეროვნული უმცირესობების უფლებათა დარღვევის შუასაუკუნეებრივი პრაქტიკის ფონზე.
კავკასიაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ იძულებით - სამშვიდობო ძალების მეშვეობით შეიძლება, ამიტომაც ჩვენს რეგიონში დროებითი მშვიდობა ძალიან მყიფეა და დამოკიდებულია „ძლიერთა ამა სოფლისანთა" განზრახვებზე: ამერიკელებმა, გრძნობენ რა რუსულ-უკრაინული კონფლიქტის დასასრულის მოახლოებას, ახლა კავკასიური [მთიანი ყარაბაღის] კონფლიქტის მოგვარების მცდელობა დაიწყეს, რათა „სი-ენ-ენ"-ის ახალი ამბების ეთერი შეავსონ და თავიანთ სამხედროებს საქმე მისცენ", - აღნიშნულია სტატიაში.
მასალის გამოყენების პირობები