"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ინფორმაციით, დემოგრაფიული თვალსაზრისით 196 ქვეყანას შორის, საქართველოს 164-ე ადგილი უკავია.
როგორც პარტიის მთავარი საბჭოს წევრმა ზაზა სოფრომაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ოთხმოციან წლებთან შედარებით, შობადობა თითქმის 2-ჯერაა შემცირებული.
"გაეროს მოსახლეობის მსოფლიო ფონდის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და ქართველ ექსპერტთა გათვლებით საქართველო, დემოგრაფიული თვალსაზრისით, ყველაზე უპერსპექტივო ერების სიაშია შეტანილი. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოს მოსახლეობა ბოლო 20 წლის განმავლობაში 1 მლნ-ით შემცირდა. ამავე პერიოდში დაახლოებით ერთი მილიონი საქართველოს მოქალაქე ემიგრირებულია საზღვარგარეთ და ეს პროცესი გრძელდება. შობადობის მიხედვით, მსოფლიოს 196 ქვეყანას შორის, საქართველოს 164-ე ადგილი უკავია. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ოთხმოციან წლებთან შედარებით, შობადობა თითქმის 2-ჯერ შემცირდა", - განაცხადა სოფრომაძემ.
მისი ინფორმაციით, უკანასკნელ ათწლეულში მნიშვნელოვნად გაიზარდა მოკვდაობის დონეც.
"თუ სამოციან წლებში მოსახლეობის 1000 სულზე წელიწადში საშუალოდ 6,5 კაცი გარდაიცვალა, დღეისთვის ეს მაჩვენებელი 11,5-ია. ძალიან მაღალია ბავშვთა მოკვდაობის დონე; ბოლო 5 წლის განმავლობაში 0-დან 1 წლამდე ბავშვთა მოკვდაობის მაჩვენებელი ყოველ 1000 ცოცხალდაბადებულზე 13,7-დან 19,7-მდე მერყეობს, თუმცა, საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელშეწყობით ჩატარებული კვლევით იგივე მაჩვენებელი 29-ის ტოლია. შედარებისთვის - ევროპისთვის ეს მაჩვენებელი საშუალოდ 8-დან 9-მდეა, ხოლო მაღალგანვითარებულ ქვეყნებში 3-4-ია. ქვეყანაში მაღალია მკვდრადშობადობის მაჩვენებელი – 15,3", - განმარტა მან.
"დღეისთვის ასევე კატასტროფულია შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი. 1969 წლისთვის იგი 2,2 უდრიდა, 1989 წელს – 2,1, დღეისათვის - 1.47, რაც არასაკმარისია მშობელთა თაობის რაოდენობრივი განახლებისთვის. მსოფლიოში მხოლოდ 14 ქვეყანაა ასეთი დაბალი მაჩვენებლით. უმძიმესია მოსახლეობის გამრავლების რეჟიმის ნეტო კოეფიციენტიც. 1989 წელს ეს მაჩვენებელი 1,003-ს უდრიდა ე.ი. ყოველი 1000 დედის შესაცვლელად 1003 გოგონა მოდიოდა. დღეისათვის ეს მაჩვენებელი 0,7-ია. ქვეყანა ფაქტიურად დეპოპულაციის საფრთხის წინაშეა. თუ რადიკალური ზომები არ იქნა მიღებული ეს პროცესი გამოკვეთილად 8-10 წლის შემდეგ იჩენს თავს და პიკს 15-20 წლის შემდეგ მიაღწევს. აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, რომელიც ხანგრძლივ პერიოდზე იქნება გათვლილი, ეს პროცესი შეიძლება მხოლოდ შენელდეს", - დასძენს იგი.
მასალის გამოყენების პირობები