კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებზე რეაგირებას ითხოვს.
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის მიმართვას მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
მიმართვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და საერთაშორისო საზოგადოებას
სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებზე
14 აგვისტო, 2014 წ.
თბილისი, საქართველო
სიცოცხლე ისევ ძალადობრივად მოუსპეს უამრავ ადამიანს!
თავისუფლება ისევ აღკვეთილი აქვს ჩვენს მრავალ კოლეგასა და მეგობარს!
მიიღეთ ჩვენი სამძიმარი, სოლიდარობას გიცხადებთ!
I.
ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს პრეზიდენტს, გამოაცხადონ საკუთარი მზაობა, დაუყოვნებლივ ჩაერთონ დიალოგში, რომლისკენაც ისინი საკუთარ განცხადებებში (4 აგვისტო, 2014) ჩვენს მეგობარ მეზობელ ქვეყნებს მოუწოდებენ;
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგის გასამართად პუტინი-ალიევი-სარქისიანის მონაწილეობა მიუღებელი და არადამაკმაყოფილებელია ჩვენთვის, რადგან რეგიონში ტკივილი და ძალადობა გრძელდება, და კითხვები პასუხგაუცემელი დარჩება, სანამ გამოსავლის ძიებაში რეგიონის ყველა წარმომადგენელი მეზობელი თანაბარ მონაწილეობას არ მიიღებს.
არავის აქვს რეგიონში ‘უფროსი ძმის' სტატუსი, რომელიც დაზარალებულებს მიუთითებს ‘კომპრომისების' გამოძებნისკენ და ან დაიწყებს უპირობო მედიატორობას. ამიტომ, მიუღებელია, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ყარაბახის გარშემო ამ ბოლო დროს კიდევ უფრო გართულებული, სისხლიანი კონფლიქტის გაგრძელებას რუსეთის მხრიდან ‘ტრადიციული ფასილიტაციით', წყნარად შეუერთოს თანხმობის ხმა საკუთარი დუმილით.
საქართველოს ხელისუფლების ვალია, ეფექტიანად იმონაწილეოს და უშუალოდ ჩაერთოს რეგიონული უსაფრთხოების საკითხის დაყენებასა და მის განხილვაში, რადგან აქამდე არსებული „პოლიტიკითა" და პრაქტიკით, დღეს ისევ დიდი გასაჭირი და ფეთქებადი საფრთხეებია რეგიონში.
არ შეიძლება, საქართველოს ხელისუფლებას სჯეროდეს, რომ მისი ‘დიპლომატიური' განცხადებებითა და გვერდზე დგომით მეტ სტაბილიზაციას მიიღებს და ქარტეხილს თავიდან აირიდებს, რითიც დროებით ‘მოგებული' დარჩება.
მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვერაფერი მოხდება ისეთი, საქართველოს რომ არ შეეხოს პირდაპირ, რადგან საკმარისად მცირეა ჩვენი რეგიონი, ტალღები და რყევები გადამდები რომ არ იყოს, ამიტომ, უნდა დავასრულოთ სირაქლემას პოზაში ყოფნა, როგორი კომფორტულიც უნდა გვეჩვენებოდეს, უნდა დავგმოთ რეგიონული პროცესების ‘დაგეგმვა' რომელიმე მეზობელი ქვეყნის სათანადო მონაწილეობის გარეშე და უნდა მოვუწოდოთ ერთმანეთს, უფროს-უმცროსობა თანასწორობით გავაგრძელოთ, რათა რეგიონში მშვიდობა და წონასწორობა აღდგეს.
II.
ჩვენ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, დაარღვიოს სიჩუმე და ხმა აღიმაღლოს მრავალმხრივ ძალადობაზე, რომელიც ბოლო პერიოდში გახშირდა აზერბაიჯანისა და სომხეთის განახლებული შეტაკებების შედეგად და გამოვლინდა უფლებადამცველების წინააღმდეგ;
საქართველოს ხელისუფლების მოვალეობაა, დააჩქაროს გასული რეჟიმის დროს არსებული პრაქტიკის გასამართლება, პრაქტიკისა, რომლითაც იმჟამინდელი ხელისუფლება უსწორდებოდა უფლებადამცველებს, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წარმომადგენელთ და დევნის, თვალთვალისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერთა რეპრესიების ‘მდიდარი მეთოდოლოგია' გამოავლინოს, დაგმოს და გაასამართლოს მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე!
დამნაშავეები უნდა დასაჯოს ხელისუფლებამ და მოახდინოს დაზარალებულთა რეაბილიტაცია! ამ ქმედების გარეშე რეგიონის უსაფრთხოება შეუძლებელია, რადგან, როგორც კი საქმე ეხება ომისა და კონფლიქტის ესკალაციას, ხელისუფლებები საზოგადოების სამშვიდობო აქტივისტების, უფლებადამცველების რეპრესიებს ყოველთვის ზედ მოაყოლებენ და ამისთვის ეფექტიანად იყენებენ არაორაზროვან, კარგად აპრობირებულ პრაქტიკას, რომელიც საქართველოში 9 წელი დაუსჯელად სუფევდა და დღეს, ახალი ხელისუფლების მიერ არც ჯეროვნად შეფასებულა და არც ვინმე დასჯილა, მიუხედავად იმდროინდელი უამრავი რეკომენდაციისა და ანგარიშისა უფლებადამცველთა მდგომარეობაზე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მხრიდან.
სანამ ქვეყნის ხელისუფლება არ დაიწყებს წინა ხელისუფლების დანაშაულის გამოძიება-გასამართლებას: რა, როგორ და რატომ იყო მანიპუილირებული უფლებადამცველთა დასჯით, სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებით, სამშვიდობო აქტივისტთა იზოლირებით, მათ მიმართ მრავალი ფორმის ძალადობრივი მექანიზმისა და რეპრესიის სახელმწიფო მანქანის გამოყენებით, ხელისუფლების შენარჩუნება-გახანგრძლივების მიზნითა და მოსახლეობის დაშინების ამოცანით - მანამ უსაფრთხოება ჩვენს რეგიონში, ისევე, როგორც ცალკეულ სახელმწიფოთა და ადამიანთა უსაფრთხოება - ილუზიაა.
ყოველ მომდევნო ხელისუფლებასა და მეზობელ ქვეყნებში არსებულ ხელისუფლებებს მბჟუტავი, მოციმციმე იმედი აქვს, რომ თუ „სხვას შერჩა, მასაც შერჩება" და არავინ მოჰკითხავს პასუხს უფლებადამცველებზე ძალადობის გამო.
ნინო ციხისთავი-ხუციშვილი, გამგეობის თავმჯდომარე, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი.