სასამართლოს ექნება საკმარისი არგუმენტაცია იმისათვის, რომ შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს, - აღნიშნულის შესახებ განცხადება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც მთავარმა პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტზე ბრალდებულად სცნო.
„ყველაფერი ცხადზე ცხადია, თავად ნაციონალური მოძრაობას კი არ უარყოფს იმ ხარჯების გაწევას, რომელსაც სახელმწიფოს ხარჯზე, ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან იღებდა მიხეილ სააკაშვილი და მისი თანმხლები პირები, მისი თანამოაზრეები. იხარჯებოდა მილიონობით ლარი პირად გართობაზე და რა თქმა უნდა, პირად კეთილდღეობაზე. ეს არის სამარცხვინო. კარგია, იქნა გამოძიებული და სინათლე მოეფინა სერიოზულ დანაშაულს. სასამართლოს ექნება საკმარისი არგუმენტაცია იმისათვის, რომ შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს", - აცხადებს პეტრიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 13 აგვისტოს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე, გამოტანილი იქნა დადგენილებები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტს.
მასალის გამოყენების პირობები