აშშ-ის ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა "ვაშინგტონ პოსტი" აქვეყნებს სტატიას: მცირე დარტყმები ამერიკის პრესტიჟის წინააღმდეგ: საქართველო.
სტატიის ავტორი, გამოცემის რედაქტორის მოადგილე ჯექსონ დილი, ყურადღებას ამახვილებს საქართველოზე და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი, არალიბერალური ოლიგარქი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდა, არაერთხელ იქნა გაფრთხილებული ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ, რომ არ დაწყებულიყო ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი დევნა.
„ამ ზაფხულს ბარაკ ობამას ადმინისტრაცია იმდენი დიდი საერთაშორისო კონფლიქტის წინაშე დადგა (ღაზას სექტორი, უკრაინა, ერაყი, სირია, ავღანეთი...), რომ შეიძლება უფრო მცირე დარტყმები ამერიკის პრესტიჟის მიმართ ვერც კი შენიშნო. ერთ-ერთი ასეთი მოვლენა გასულ კვირას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში და ამჟამად აშშ-ის ახლო მოკავშირე საქართველოში მოხდა.
ბიძინა ივანიშვილი, არალიბერალური ოლიგარქი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდა, არაერთხელ იქნა გაფრთხილებული ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ, რომ არ დაწყებულიყო ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი დევნა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ათი წლის წინათ დემოკრატიული რევოლუცია განახორციელა და როცა არჩევნებში დამარცხდა, ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა. გასულ ორშაბათს კი საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილსა და კიდევ ოთხი სხვა თანაპარტიელ ჩინოვნიკს პოლიტიკური ხასიათის დანაშაულის ბრალდება წაუყენა.
მცირე ქვეყნის მიერ ამერიკული „წითელი ხაზის" უგულებელყოფის ფაქტი შეიძლებოდა უმნიშვნელოდ მიჩნეულიყო და მისთვის ყურადღება არ მიგვექცია - ბოლოს და ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი რეალურად დაპატიმრებული არ არის, უკრაინაშია და იქაურ ახალ პროდასავლურ მთავრობას რჩევებს აძლევს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ფაქტი ტენდენციის ნაწილია: აშშ-ის მოკავშირე საქართველომ, რომელიც დიდადაა დამოკიდებული ვაშინგტონისაგან გაწეულ სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებაზე, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ღიად გამოიწვია და ზოგიერთ შემთხვევაში, მის წარმომადგენლებს შეგნებულად ამცირებს კიდეც.
(სტატიაში ჩამოთვლილია აგრეთვე ბოლო ორი თვის განმავლობაში ზოგიერთ სხვა ქვეყანაში მომხდარი მსგავსი მოვლენები, რომლებიც აშშ-ის პრესტიჟის შემლახველია: ეგვიპტის ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ვაშინგტონის მითითება და „ალ-ჯაზირას" სამ ჟურნალისტს დიდი ხნით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა; ბაჰრეინის ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, რადგან იგი ოპოზიციას შეხვდა; პატარა კუნძულოვანი არუბაც კი ამერიკის წინააღმდეგ წავიდა და ვენესუელელი ნარკოგენერალი გაათავისუფლა, რომელიც აშშ-ის ორდერით იყო დაპატიმრებული; ვაშინგტონის მიმართ უპატივცემლობას ავლენს აგრეთვე ტაილანდი და ბირმა... მოკლედ, ავტორის დასკვნით, ბარაკ ობამა გავლენასა და ავტორიტეტს კარგავს).
ადმინისტრაციის ყველაზე დიდი ნაკლოვანება ისაა, რომ მას არ სურს პასუხი გასცეს, უმნიშვნელოდ მაინც მოახდინოს [რეალური, პრაქტიკული] რეაგირება მიყენებულ წყენაზე. ბაჰრეინიდან, სადაც ჩვენი მე-5 ფლოტის მთავარი ბაზაა, ჩვენივე დიპლომატის გამოძევებით და მისი „პერსონა ნონ-გრატად" გამოცხადებით ვაშინგტონი მხოლოდ „შეშფოთდა", იგივე მოხდა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მიმართაც. არადა, ადმინისტრაციას შეეძლო მსუბუქად მაინც დაესაჯა ასეთი მთავრობები, მაგალითად, გაეწვია ელჩები, შეემცირებინა სამხედრო დახმარება და გაეუქმებინა ოფიციალური ვიზიტები. ამის ნაცვლად ისე გამოდის, რომ ობამას ადმინისტრაციისადმი უდიერად მოქცევის შემთხვევაში ყველას შეუძლია დაუსჯელად გადარჩეს", - წერს გამოცემა.