რუსეთის გენერალური პროკურატურის ფედერალური კანონმდებლობის აღსრულებისა და ზედამხედველობის სამმართველოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში "სამხრეთ ოსეთში 2008 წლის აგვისტოში საქართველოს აგრესიის შედეგად დაზარალებული ექვსი მოქალაქის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს".
ანატოლი პალამარჩუკის ინფორმაციით, "ევროპის სასამართლოში სარჩელის განხილვა ხანგრძლივი პროცესია, რომელიც კოლოსალური დატვირთვითა და პროცედურის სირთულით აიხსნება. მიუხედავად ამისა, საქართველოს წინააღმდეგ დარეგისტრირებული განცხადებების უზარმაზარი რაოდენობიდან უკვე ამორჩეულია ექვსი განცხადება, რომელთა მიმართაც სასამართლო განხილვაა დაწყებული", _ აცხადებს პალამარჩუკი.
მისი თქმით, ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს პრეცედენტული ხასიათი აქვს, ამიტომაც პირველ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვტეტილებები დიდ გავლენას მოახდენენ სხვა განმცხადებლების მიერ შეტანილი სარჩელების განხილვაზე.
"იმედი ვიქონიოთ, რომ საერთაშორისო სასამართლოები ჯეროვან სამართლებრივ პასუხს გასცემენ ყველა განცხადებას და მათ სამართლიან კომპენსაციებს განუსაზღვრავენ.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში "საქართველოს აგრესიის" შედეგად 1.5 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. რუსეთის გენერალურ პროკურატურასთან არსებულმა საგამოძიებო კომიტეტმა კი "დოკუმენტალურად დაასაბუთა სამხრეთ ოსეთის 162 მცხოვრებლისა და 48 რუსი სამხედროს დაღუპვა, მათ შორის 10 სამშვიდობოს.
რუსეთის გენერალური პროკურატურის მონაცემებით კი, გასული წლის აგვისტოში სამართლებრივი დახმარებისთვის რუსეთის პროკურატურის ორგანოებს 3,5 ათასმა რუსეთის მოქალაქემ მიმართა.
"შესაბამისი იურიდიული კონსულტაციების მიღების შემდეგ, თითქმის ყველა მათგანმა ამის შემდეგ ევროპის სასამართლოს მიმართა", _ აცხადებს პალამარჩუკი.