საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკითხვაზე დაბარება მხოლოდ თვალთმაქცობა იყო. კახიძე სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
,, რა თქმა უნდა მოსალოდნელი იყო პროკურატურის ეს ქმედება. მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება მხოლოდ თვალთმაქცობა იყო. რეალურად ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთა და ახლა მიმდინარეობს რაღაც საქმის პოლიტიკური ნიშნით შეთითხვნა, რომელსაც საერთო არ აქვს სამართლებრივ შინაარსთან", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კახიძემ.
პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ საქმე ეხება 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.