პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ პოლიტიკური ოპონენტების განცხადებები, თითქოს, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკვეთით ხდება ესაა მილიონობით მოქალაქისთვის თვალებში ნაცრის შეყრა, რომელთც დიდი ხნის წინ ჰქონდათ ყოფილ პრეზიდენტთან კითხვები.
,, განცხადებები, თითქოს, საქართველოს ხელისუფლება პუტინის დავალებას ასრულებს თუ სააკაშვილის დაკითხვაზე დაიბარებენ, ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა ჩვენი მილიონობით მოქალაქისთვის ვისაც სააკაშვილთან მიმართებით კითხვები წლების წინ ჰქონდა. საერთოდ რა შუაშია აქ უკრაინის კონფლიქტი და პუტინი, როცა მიხეილ სააკაშვილს ედავებიან კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან", საუბარში კობახიძემ.
მისივე თქმით, ადამიანს, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია არ ეშინია საგამოძიებო ორგანოში მისვლის და კითხვებზე პასუხის გაცემის.
,,სააკაშვილს თუ არაფერი დაუშავებია, ბუნებრივია, მას ხელს არავინ არ ახლებს", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კობახიძემ.
,,ნაცმოძრაობის" წევრი ზაზა ბიბილაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებას სააკაშვილის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იგი არ აპირებს ჩაერთოს პუტინისა და ოლიგარქის ერთობლივ თამაშში და გააგრძელებს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას.
,,იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო გაერთიანებულია და ებრძვის პუტინის იმპერიას, "გაზპრომის" აქციონერი და საქართველოს რეალური ხელისუფალი ბიძინა ივანიშვილი რჩება პუტინის მოკავშირედ და აგრძელებს მისი ინტერესების საქართველოში გატარებას. უკვე მერამდენედ პუტინისა და ივანიშვილის გზები ერთმანეთს ემთხვევა. ეს არის ოლიგარქის პასუხი სააკაშვილის საერთაშორისო აქტიურობაზე, განსაკუთრებით კი მის აქტიურობაზე უკრაინაში საქართველოსა და უკრაინის საერთო მტრების წინააღმდეგ. ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს, რომ ჩაერთოს პუტინისა და ოლიგარქის ერთობლივ თამაშში და გააგრძელებს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას", - განაცხადა ბიბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი Mმიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე უკვე მეორედ დაიბარეს. იგი საგამოძიებო უწყებაში, ხვალ, 28 ივლისს 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
პროკურატურისგან შესაბამისი უწყისი სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ მიიღო. უწყისში განმარტებულია, რომ ყოფილი პრეზიდენტი საგამოძიებო ორგანოში მოწმის სტატუსითაა დაბარებული.