,,ნაცმოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას პოლიტიკური დევნის გაგრძელებად აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ერთადერთი შეპყრობილია მანიაკალური სურვილით დაიჭიროს პოლიტიკური მოწინააღმდეგეები.
,, პირველ რიგში ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არც ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს: უმუშევრობაზე, კრიმინალის ზრდაზე, ეკონომიკაზე არ ზრუნავს. იგი ერთადერთი შეპყრობილია მანიაკალური სურვილით დევნოს და დაიჭიროს პოლიტიკური მოწინააღმდეგეები. მიხეილ სააკაშვილი კი ამ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა რიგებში მთავარი ფიგურა. ცალსახად ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი, რომელსაც არავითარი კავშირი სამართლებრივ პროცესთან არ აქვს. იმ ფონზე როცა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო აზრის ფორმირებას ახდენს და ამ კუთხით ცენტრალურ ფიგურას წარმოადგენს, სიმბოლური და საგულისხმოა, რომ ხელისუფლება სწორედ ამ დროს იბარებს დაკითხვაზე. Pპრაქტიკულად, მიხეილ სააკაშვილი არის ანტიპუტინური მოძრაობის მნიშვნელოვანი ფიგურა და, ცხადია, ძალიან დიდია პუტინის როლი რომ მოხდეს სააკაშვილის მოქმედებების ნეიტრალიზაცია. საქართველოს ხელისუფლება და პროკურატურა, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში ბერკეტადაა გამოყენებული რათა მოხდეს მიზნის მიღწევა", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში წიკლაურმა.
მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლების მასკარადში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.
,, ჩემი აზრით, ამ მასკარადში, მიხეილ სააკაშვილმა, რა თქმა უნდა, მონაწილეობა არ უნდა მიიღოს", _განაცხადა წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი Mმიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე უკვე მეორედ დაიბარეს. იგი საგამოძიებო უწყებაში, ხვალ, 28 ივლისს 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
პროკურატურისგან შესაბამისი უწყისი სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ მიიღო. უწყისში განმარტებულია, რომ ყოფილი პრეზიდენტი საგამოძიებო ორგანოში მოწმის სტატუსითაა დაბარებული.