საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის საბჭოს სპეციალურ წარმომადგენელს ჰერბერტ სალბერს შეხვდა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ფილიპ ლეფორი შეცვალა. შეხვედრისას მხარეებმა ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკასა და კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.
„მადლობელი ვარ, რომ დღეს მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა საქართველოს პრეზიდენტთან როგორც ზოგადად ევროკავშირის შეხედულებზე საქართველოსთან დაკავშირებით, ისე კონკრეტულად ჩემი მანდატის თაობაზე, რომელიც უკავშირდება კონფლიქტებს საქართველოში. თქვენ იცით, რომ ამ კონფლიქტების თემას რეგულარულად განვიხილავთ საერთაშორისო მასშტაბით - ჟენევის ფორმატში. ასეთი შეხვედრა ახლახან გაიმართა. როგორც ამ პროცესის თანამონაწილეები, ჩვენ - ევროკავშირი, გაერო, ეუთო - ვცდილობთ მოვიძიოთ გზები უფრო მეტი შედეგის მისაღებად, რაც უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას. ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტს ჩვენი შეხედულებები გავაცანით და დიდად ვემადლიერებით მას იმისათვის, რომ გამოთქვა მზადყოფნა მოესმინა ჩვენი პოზიცია. ჩვენი მხრივ, ჩვენც ვითვალისწინებთ საქართველოს ლიდერთა შეხედულებებს", - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს წარმომადგენელმა.
ჰერბერტ სალბერს მაღალი თანამდებობა ეკავა გერმანიის საგარეო საქმეთა სამსახურში, მუშაობდა ეუთო-ში, სადაც იყო კონფლიქტების პრევენციის ცენტრის დირექტორი. სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას იგი 2015 წლის 28 თებერვლამდე დაიკავებს.