ევროკავშირს სამხრეთ კავკასიაში ახალი სპეციალური წარმომადგენელი ჰელბერტ სალბერი ჰყავს. დღეს, ევროკავშირის ახლადდანიშნული ელჩი თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ სტუმარს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მისი წინამორბედის, ფილიპ ლეფორის საქართველოში მუშაობის წლებზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მომხრეა.
შეხვედრის მთავარი თემა 27 ივნისს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობა იყო. მხარეებმა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაზეც ისაუბრეს. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მისია საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მთავარ გარანტად რჩება.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში ერთი ასეულის ზომის ქართული ქვედანაყოფის მონაწილეობასა და მალის მისიაზე. მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში არსებული უსაფრთხოების გარემოზეც იმსჯელეს.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ახალ სპეციალურ წარმომადგენელს იმისთვის, რომ ევროკავშირმა დაიწყო ახალი ენერგიით მუშაობა აფხაზეთსა და ცხინვალში ოკუპირებული ტერიტორიების კონფლიქტების მოგვარებაზე. საქართველოს მთავრობა სრულ მხარდაჭერას აღმოუჩენს ევროკავშირის ახალ წარმომადგენელს თავის მუშაობაში. ეს იყო გაცნობითი შეხვედრა. მე ავუხსენი ის უსაფრთხოების გარემო, ის ახალი გამოწვევები, რომლებიც რეგიონს ბოლო პერიოდის განმავლობაში აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი და დიდი მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები მტკიცედ უჭერენ მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას" - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
"ძალიან მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა შევხვედროდი მინისტრ ალასანიას და მასთან ერთად განმეხილა სამხრეთ კავკასიაში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა. მანდატის განხორციელება რამდენიმე კვირის წინ დავიწყე. ჩემი ვიზიტის მიზანია უკეთ გავეცნო საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს. დღევანდელი დისკუსია ძალიან დამეხმარა უკეთ გავცნობოდი საქართველოს პოზიციას უსაფრთხოების გარემოსთან, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით" - განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ჰელბერტ სალბერმა.