,,ნაცმოძრაობა" საწვავის ფასების მატებაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ ამის მიზეზი ლარის გაუფასურებაა, რომელსაც ხელისუფლება ხელოვნურად ახდენს. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაცმოძრაობის" წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განმარტა ხელისუფლების განცხადებები, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საწვავზე ფასი შემცირდა 10-15 თეთრით, ხოლო ამჟამინდელი საწვავის ფასის მატება განპირობებულია საერთაშორისო ბაზრებზე ე.წ. plats- ის ფასების ზრდით არის ტყუილი.
,,ხელისუფლება აცხადებს, რომ 2012 წლის აპრილში, როდესაც ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბ-ნი იზორია საუბრობდა საწვავის ბაზარზე არსებულ მონოპოლიებზე და საწვავის ხელოვნურად გაზრდილ ფასზე, საწვავზე ფასი იყო - 2.05-2.10 ლარი;დღეს საწვავის ფასია - 2.14-2.32 ლარი;• ანუ, საწვავზე ფასი კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა 10-20 თეთრით და შესაბამისად, ტენდენციას ზრდისკენაა მიმართული და არა კლებისკენ; • 2012 წლის აპრილში, როდესაც ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბ-ნი იზორია საუბრობდა საწვავის ბაზარზე არსებულ მონოპოლიებზე და საწვავის ხელოვნურად გაზრდილ ფასზე, საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასი იყო დაახლოებით 121 აშშ დოლარი ბარელზე;• მაისში საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასი არის დაახლოებით 110 აშშ დოლარი ბარელზე, ანუ 11 დოლარით ნაკლები, თუმცა საწვავზე ფასმა საქართველოში კვლავ მოიმატა;საწვავზე (ისევე როგორც მედიკამენტებზე და სურსათზე) ფასების ზრდის რეალური მიზეზი არის ლარის გაუფასურება, რომელსაც ხელისუფლება ხელოვნურად ახდენს, რათა უზრულველყოს საბიუჯეტო შემოსავლების გეგმის შესრულება", _განაცხადა ჯაფარიძემ.