საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" რუსეთში თავშეფარებული ყოფილი მაღალჩინოსნების გააქტიურების მიზეზებზე საუბრობს და მათ კორუმპირებულ წარსულს ახსენებს.
„ბოლო პერიოდში გააქტიურდნენ ძველი დროის კორუმპირებული მაღალ თუ დაბალჩინოსნები. თითქოს წინა ხელისუფლების შეცდომები თუ დანაშაულობები მათ უფლებას აძლევდნენ თავიანთი კორუმპირებული და დანაშაულებრივი წარსულის ჩამოსარეცხად. ამ ადამიანების „დამსახურება"არის ის, რომ ქვეყნის მრავალმილიარდიან ქონებას ე.წ. „წითელი დირექტორები" და ერთი მუჭა სახელისუფლო „გარემოცვა"დაეპატრონა, 7 ლარიან პენსიაზე ამყოფებდნენ ხალხს წლების განმავლობაში, რომლებიც სიღატაკიდან დღემდე ვერ გამოსულან. გაჭირვებისას გარბოდნენ მოსკოვში და ამით განამტკიცებდნენ არესბულ ეჭვს მათი აგენტურულ წარსულის შესახებ და მზად იყვნენ ემსახურათ ოკუპანტისათვის პრივილეგიებისა და ქონების შოვნის სანაცვლოდ. ესენი წურბელებივით ასხდნენ ქვეყანას და ახლაც უნდათ ძველი პოზიციების დაბრუნება. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მათგანი, თავისი მანკიერი წარსული გამოცდილებით, კვლავ ადვილად პოულობს ადგილს ხელისუფლების იერარქიაში ( ძირითადად, ნაკლებად თვალშისაცემ საშუალო რგოლში)",-აცხადებს ჯი-ეიჩ-ენთან საუბარში რომან გოცირიძე.
„აგერ, ერთ-ერთ ასეთ „დაზარალებულს" მოვკარი თვალი ტელევიზიით. 200 მილიონი წამართვესო. ერთი იმდენი ხომ შერჩა მაინც. საიდან ასეულობით მილიონები? ქვეყნის მაშინდელი გაძვალტყავებული ერთი წლის ბიუჯეტის ტოლფასი თანხა? სწორედ შევარდნაძის პერიოდში სიმბოლურ ფასად ხელში ჩაგდებული ქონებიდან და იქიდან მიღებული შემოსავლების ოფშორებში გადამალვის შედაგად. ამათ ჰგონიათ, სამართლიანობის აღდგენა მათი უსამართლობის გამართლება და ჩამოწერაა? ნურას უკაცრავად! მახსოვრობა არ დაგვიკარგავს!", -აცხადებს რომან გოცირიძე და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას წარსულის იდეოლოგიური თუ საკადრო რეანიმაცია.
"შემგუებლობიდან და წამყრუებლობიდან ერთი ნაბიჯი რჩება ქურდული რომანტიზმისა და „ტრადიციული გაგების " ქართული კლიმატის აღდგენამდე", - აცხადებს გოცირიძე.