,,მივესალმებით გიგი უგულავასთან დაკავშირებით ამ დრომდე გაკეთებულ საერთაშორისო განცხადებას და გამოხმაურებას", _ამის შესახებ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე განმარტებით, ქართული მხარე მუდმივად მზადაა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია თბილისის ყოფილი მერის საქმესთან დაკავშირებით.
,,მზად ვიყავით, ვართ და ვიქნებით, მომავალშიც საერთაშორისო თანამეგობრობას მივაწოდოთ სრული ინფორმაცია და ჰქონდეთ მათ შესაძლებლობა დააკვირდნენ ამ პროცესს თავიდან ბოლომდე, რათა არ ჰქონდეს არავის განცდა და აღქმა იმისა, რომ საქართველოში არსებობს რაიმე ტიპის შერჩევითი სამართალი", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონის პრესსპიკერმა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს გიგი უგულავას დაკავებას.